სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია

დღეს თელავში სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება

ტაბულა

დღეს საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება. სალომე ზურაბიშვილი ფიცს თელავში, ერეკლე მეორეს სასახლეში დადებს, რის შემდეგაც, ის უკვე ოფიციალურად გახდება ქვეყნის პრეზიდენტი.

დღესვე, უფლებამოსილება შეუწყდება მოქმედ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს.

არსებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე II-ს სასახლეში, 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდება. 16.00 საათზე კი პრეზიდენტი ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში საზეიმო მიღებას გამართავს.

არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, ინაუგურაციას მოქმედი პრეზიდენტებიდან მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი დაესწრება. 

სულ, საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობას 55-მდე ქვეყნის 150 წარმომადგენელი მიიღებს. 

არსებული მონაცემებით ინაუგურაციის ცერემონიალს დაესწრება:

  • სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი 
  • საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი და სოციალურ საქმეთა ყოფილი მინისტრი
  • თურქეთის რესპუბლიკის ვიცეპრეზიდენტი
  • აზერბაიჯანის პარლამენტის სპიკერი
  • სებეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი
  • ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტი
  • ლიეტუვას სეიმის სპიკერი
  • პოლონეთის სენატის მარშალი და პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელი, მინისტრი
  • მოლდოვას ვიცე პრემიერმინისტრი
  • თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი
  • გაერთიანებული არაბეთის საემიროების კლიმატის ცვლილებისა და გარემოს მინისტრი
  • ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
  • ისრაელის კნესეტის (პარლამენტი) ვიცე-სპიკერი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
  • სუამის გენერალური მდივანი
  • უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
  • ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
  • აშშ-დან USAID-ის წარმომადგენელი
  • წმინდა საყდრის საგანგებო ემისარი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან და 16 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ეწვევა.

ინაუგურაციის პარალელურად, თელავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში საპროტესტო აქციების ჩატარებას გეგმავს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა." საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ დაიცავენ როგორც პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მიწვეული სტუმრების უსაფრთხოებას, ისე, აქციებზე შეკრებილი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას, უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს.

კომენტარები