ეგვიპტე

ეგვიპტეში აქციების გამეორების შიშით ყვითელი ჟილეტების გაყიდვა შეზღუდეს

EPA

ეგვიპტეში ხელისუფლებამ ყვითელი ჟილეტების გაყიდვა შეზღუდა. მიზეზი შიშია, რომ ოპოზიცია საფრანგეთში დაწყებულ ყვითელი ჟილეტების საპროტესტო აქციების ეგვიპტეშიც გამართავს.

ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებმა მაღაზიები გააფრთხილეს უსაფრთხოებისათვის განკუთვნილი ყვითელი ჟილეტები ყველა მსურველს არ მიჰყიდოს. მისი შეძენა მხოლოდ იმ კომპანიებს შეეძლებათ, რომლებიც პოლიციისაგან ნებართვას მიიღებენ.

უცნობია რა სასჯელი წესდება შეზღუდვის დარღვევისათვის. შეზღუდვა იანვრის ბოლომდე გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ ახლოვდება 2011 წლის რევოლუციის და ჰოსნი მუბარაქის დამხობის წლისთავიც. ეგვიპტეში ე.წ. "არაბული გაზაფხული" 2011 წლის 25 იანვარს დაიწყო და 11 თებერვალს ხელისუფლების ცვლილებით დასრულდა. გასულ წლებში წლისთავის აღსანიშნავად მოწყობილ დემონსტრაციებზე რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. უკანასკნელი ორი წლის მანძილზე მთავრობა მარშების შესაზღუდად მთელი ქვეყნის მასშტაბით პოლიციის და ჯარის მობილიზებას ახდენს.

საფრანგეთში "ყვითელი ჟილეტების" აქციები ოთხი კვირის წინ დაიწყო. თავდაპირველად მოსახლეობა საწვავზე გადასახადების ზრდას აპროტესტებდა, თუმცა შემდეგ ეს ანტი-სამთავრობო პროტესტში გადაიზარდა.

კომენტარები