ბავშვთა უფლებები

Unicef: საქართველოში მშობლები აღზრდის ავტორიტარულ სტილს ირჩევენ - ფიზიკურ, ფსიქოლოგიური დასჯას

"თინეიჯერების 98%-ს ეზიზღება საკუთარი თავი, დარჩენილ 2%-ს კი იმდენად ეზიზღება, რომ შესაძლოა საერთოდ აღარ უნდოდეთ სიცოცხლე. მათ რომ სიცოცხლე და საკუთარი თავი უყვარდეთ [თავს ასე არ იგრძნობენ]", - ამბობს 14-17 წლის გოგოების ფოკუს ჯგუფის მონაწილე ბათუმიდან.

გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოში მშობლების უმრავლესობა ავტორიტარულ სტილს ირჩევს, რომელიც საკუთარი ავტორიტეტის გასამყარებლად, ფიზიკური და ფსიქოლოგიური დასჯის მეთოდებს იშველიებს.

"თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად ბუნდოვანია დასჯის მიზეზი და მიზანი. მშობელი არ ახდენს სწორ კომუნიკაციას შვილთან, რასაც შედეგად არ მოჰყვება მოზარდის ქცევის გამოსწორება", - აღნიშნულია დოკუმენტში.

მშობლების გარკვეული ნაწილი აღნიშნავს, რომ მოზარდობის პერიოდში ფიზიკური დასჯის მეთოდებს აღარ მიმართავენ.

"მთლად დასჯა არა, შეიძლება ხმას ავუწიო და ესაა; თუ ვყვირი - ყველა წყნარდება", - ამბობს მამა თელავიდან.

Unicef-მა მოზარდთა მშობლობისა და მოზარდთა მშობლობის მხარდამჭერი კვლევა დღეს გამოაქვეყნა. დოკუმენტში ასახულია მოზარდებთან და მშობლებთან ჩაღრმავებული ინტერვიუებისა და ფოკუს ჯგუფების შედეგები.

"მშობლები განსხვავებული ხარისხის და სახის ემოციურ კავშირებს ამყარებენ საკუთარ შვილებთან. ორივე სქესის მოზარდების თქმით, მათ სურთ მშობლებთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეთ და უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს ისეთი საკითხების გაზიარებისას, რომლებიც მათ აწუხებთ", - წერია კვლევაში.

დოკუმენტის მიხედვით, ამ კუთხით, აღზრდის პრაქტიკა ყოველთვის ეფექტიანი არ არის და არის შემთხვევები, როდესაც მოზარდი მისთვის ყველაზე ემოციურ პერიოდებში ვერ გრძნობს მშობლის სათანადო მხარდაჭერას, რაც უარყოფითად აისახება მის ფსიქოსოციალურ კეთილდღეობაზე.

"არ მინდა სახლში პრობლემებზე ვისაუბრო. როდესაც გავუზიარე, ისევ მე დამადანაშაულეს", - ამბობს 10-13 წლის ბიჭების ფოკუს ჯგუფის მონაწილე თელავიდან.

კვლევის თანახმად, ბავშვობის ადრეული ასაკიდან მოყოლებული, მამებს უფრო ხშირად ახასიათებენ ავტორიტეტულ ფიგურებად - ისინი არიან მკაცრები, იძლევიან შენიშვნებს, მოითხოვენ ახსნა-განმარტებებს და სჯიან შვილებს.

"ხანდახან მამის ეს მკაცრი იმიჯი მომავალშიც, შვილების მოზარდობის პერიოდშიც, ნარჩუნდება. როგორც გოგო, ისე ბიჭი მოზარდები, აცხადებენ, რომ მამაკაცი მშობლების/აღმზრდელების გარემოცვაში უფრო თავშეკავებულად იქცევიან", - აღნიშნულია დოკუმენტში.

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გამოკითხული მოზარდები და მათი მშობლები ამბობენ, რომ მათ შორის ურთიერთკავშირის ჩამოყალიბებისა და გაძლიერებისთვის სიყვარულის, ღირებულებების და თანაგრძნობის გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. მოზარდებს სურთ, რომ მათი მშობლები თავიანთ სიყვარულს მეტი დროის დათმობით და ყურადღებით გამოხატავდნენ, თუმცა ასევე მოითხოვენ პრივატულობას.

კვლევის მიხედვით, მშობლები სხვადასხვა ასაკის შვილებს განსხვავებულ დროს უთმობენ და ყურადღებასაც სხვადასხვანაირად გამოხატავენ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოზარდებს, რომლებსაც მშობლებთან გახსნილი კომუნიკაცია აქვთ, თავდაჯერებულობა, პოზიტიური ღირებულებები, გამძლეობა, დამაჯერებლობა, თვითშეფასება და თვითშემეცნების უნარი უვითარდებათ, ასევე, შეუძლიათ დაუფარავად გაუზიარონ მშობლებს საკუთარი მოთხოვნილებები, წუხილი და გრძნობები. ისინი უკეთესად იცნობენ საკუთარ თავს, უფრო თავდაჯერებულები არიან, აქვთ თავიანთი საჭიროებების, წუხილების და გრძნობების წვდომის უნარი, შეუძლიათ მშობლებისთვის მათი შეულამაზებლად გაზიარება.

"ყველას კარგი ურთიერთობა გვაქვს ოჯახში. მიყვარს მათთან საუბარი, დედ­-­მამასთან ერთად ვარჩევ, როგორ ჩაიარა დღემ სადილის დროს", - ამბობს 14-17 წლის გოგოების ფოკუს ჯგუფის მონაწილე თბილისში.

Unicef-ი ამბობს, რომ როცა მოზარდი მშობლისგან ნდობასა და პატივისცემას გრძნობს, მტკივნეულ თემებზე ღიად საუბრის, რჩევის მიღების და რაციონალური გადაწყვეტილების ერთად მიღების სურვილი უჩნდება.

"ვერ წარმომიდგენია ურთიერთობა ჩემს მშობლებთან, რომ არ მენდობოდნენ", - ამბობს 14-17 წლის ბიჭების ფოკუს ჯგუფის მონაწილე ბათუმში.

კვლევის თანახმად, მშობლებსა და მოზარდებს შორის სუსტ კავშირზე გავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს. ზოგ შემთხვევაში კი ამას მშობლების მიერ შვილის საჭიროებების უგულებელყოფა იწვევს, რომლის მიზეზი ხშირად მშობლების მოუცლელობაა.

"როდესაც ბავშვები თავიანთ თავს ზიანს აყენებენ, ეს ხდება იმიტომ, რომ ისინი არ ღებულობენ საკმაო სიყვარულს ოჯახებისაგან, არც სხვა ვინმესგან […] ზოგჯერ ასეთი მშობლები გაკვირვებულნი არიან, თუ ბავშვი ეცდება თვითმკვლელობას, მაშინ როცა ისინი არ აქცევენ ყურადღებას, თუ მათი შვილი რას აყენებს პირველ ადგილზე. ამიტომ ამ შემთხვევაში მშობლებიც დამნაშავე არიან", - ამბობს 14-17 წლის მოზარდების ფოკუს ჯგუფში მონაწილე გოგო.

დოკუმენტში საუბარია სარისკო ან პროტესტის გამომხატველ აქტივობებში მოზარდების ჩართვის შესახებაც და წერია, რომ შესაძლოა, ეს საკუ­თარი თავის მიმართ სიყვარულის ნაკლებობით იყოს განპირობებული, ასევე იმით, რომ ხანდახან არ მართლდება მათი მოლოდინები და ვერც მშობლებისგან, აღმზრდელებისგან იღებენ შესაბამის სიყვარულს და ყურადღებას.

კვლევაში მონაწილე ფსიქოთერაპევტი აღ­­ნიშნავს, რომ მოზარდობის პერიოდში, ოჯახი ბავშვებისთვის ემოციური საყრდენი უნდა იყოს. თუ მშობლების მხრიდან სიყვარულის გამოხატვა მათ მოლოდინებს არ შეესაბამება, ისინი სხვაგან შეეცდებიან დანაკლისის შევსებას. შესაძლოა ისეთ აქტივობებში ჩაერთონ, რომლებიც დაარწმუნებს ბავშვებს, რომ ისინი უყვართ.

"ხანდახან, როდესაც მშობლები ყურადღებას არ აქცევენ და არ აინტერესებთ, რას აკეთებენ მათი შვილები, შვილებს სწყინთ, რადგან უყურადღებოდ რჩებიან. ისინი ცდილობენ ცუდად მოიქცნენ, რათა მშობლებისგან მიიღონ ყურადღება, რომლებიც ეტყვიან მათ, რომ არ მოსწიონ სიგარეტი, არ მოიქცნენ ისე ან ასე, არ იყვნენ გვიანობამდე გარეთ. თუ ღამის 12 სთ-მდე დარჩებიან გარეთ, რა თქმა უნდა, დაურეკავენ მშობლები და მოიკითხავენ. შესაძლოა, ასეთი ქცევის მიზეზი მშობლების ყურადღების მიქცევა იყოს", - ამბობს ფსიქოლოგი.

Unicef-ი აღნიშნავს, რომ მოზარდები, რომლებიც საკუთარ მშობლებთან ფა­სეული და ხარისხიანი კავშირისა და კომუნიკაციის ნაკლებობას განიცდიან, დანაკლისის შესავსებად სხვა წყაროების ძიებას იწყებენ, რამაც ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, სა­რისკო ქცევისა და აგ­­­რესიული გარემოს მიმართ მიდრეკილება წარმოშვას.

"კვლევამ გამოავლინა, რომ მოზარდები, რომლებსაც არ აქვთ ემოციური კავშირი მშობლებ­­თან, და მათ ცხოვრებაში მყოფ მათთვის მნიშვნელოვან უფროსებთან ჯანსაღი მიჯაჭ­­­ვულო­ბის დეფიციტს განიცდიან, ასევე ხასიათდებიან თავდაჯერებულობის და გარემოს მიმართ ოპტიმისტური დამოკიდებულების ნაკლებობით და განსაკუთრებულ მოწყვლადობას/და­უცველობას ავლენენ სისასტიკის მიმართ. როდესაც მშობელი ვერ ასრულებს მოვალეო­ბას, ვერ ხდება შვილის მთავარი მრჩეველი, მეგობარი, და ვერ უწევს მას თანმიმდევრულ მეგზურობას მოზარდობისას, მოზარდის თვისებები - თავდაჯერებულობა, კონტრო­­ლის მექანიზმები და უსაფრთხოება, სუსტდება ან მცირდება, რაც კიდევ უფრო ანელებს მათ "გამძლეობის" უნა­­რებს", - აღნიშნულია დოკუმენტში.

მართალია, მოზარდების უმეტესობას სურს მშობლებთან ურთიერთობა, თუმცა არა ყოველთვის. გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით, პრი­ვატულობა მოზარდებისთვის ერთ-ერთი მთავარი ასპექტია იმისთვის, რომ თავი ზრდასრულ ადამიანებად აღიქვან.

"მოზარდებს არ სურთ, რომ მშობლებს მოუთხრონ ყველაფერი, რაც მათ ცხოვრება­ში ხდება. თუმცა ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მშობლებისგან ინფორმაციის დამალვა სურთ, არამედ, ამით გა­­მოხატავენ, რომ დამოუკიდებლები არიან", - აღნიშნულია დოკუმენტში.

Unicef-ი ამბობს, რომ იმისათვის, რათა თავი დამოუკიდებლად იგრძნონ, მოზარდებს უნდა მიეცეთ თავისუფლება და ავტონომია, მათ უნდა გამოიმუშაონ გადაწყვეტილების მიღების უნარი, მაშინაც კი, თუ ეს ხშირად შეცდომების დაშვებასაც გულისხმობს.

გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ მშობლებს, რომლებიც მოზარდებს თბილად ეპყრობიან და ენდობიან, აღზრდის ამგვარი მეთოდი სასიკეთოდ უბრუნდებათ - მოზარდებს უვითარდებათ პოზიტიური ქცევები, ხშირად მიმართავენ მშობლებს რჩევისა და მხარდაჭერისათვის მათთვის რთული სიტუაციების დროს.

დამოკიდებულებები სქესის მიხედვით

გაეროს ბავშვთა ფონდი ამბობს, რომ საქართველოში აღზრდის სტილს გენდერული თავისებურებებიც განსაზღვრავს და დედასა და მამას ოჯახში განსხვავებული როლი და პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

მოზარდებთან საუბრის შემდეგ გაირკვა, რომ საოჯახო საქმეები დედის ფუნქციაა და ოჯახში საოჯახო მოვალეობის განაწილება, ავტომატურად დედის საქმეების გადანაწილებას ნიშნავს. ხოლო მამის როლი იშვიათად თუ სცდება ოჯახის მარჩენალისას. მოზარდების თქმით, ოჯახში მთავარი "მენეჯერი" და პასუხისმგებელი პირი ძირითადად დედაა.

კვლევის შედეგების თანახმად, მშობლებს აქვთ მოლოდინი, რომ საოჯახო საქმეებზე პასუხისმგებლობა მოზარდებმაც უნდა გაინაწილონ, დაწყებული საოჯახო საქმეებით, დამთავრებული სამსახურში დასაქმებით.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ზოგიერთი ოჯახი გოგოებს და ბიჭებს ერთნაირ პასუხისმგებლობას აკისრებს, თუმცა ბევრ ოჯახში მეტ პასუხისმგებლობას მოზარდ გოგოებს აკისრებენ.

"დედაჩემი სამსახურში დილის 6 სთ-ზე მიდის და სახლში გვიან ბრუნდება, დაახლოებით 12-სთვის; მას არ შეუძლია სახლის მარტო დალაგება, ამიტომ ეს მე მეხება; ოჯახში დალაგება ჩემი მოვალეობაა", - ამბობს 15 წლის გოგო თბილისიდან.

Unicef-ი აღნიშნავს, რომ ეს პატრიარქალური გენდერული ნორმები თანდათან სუსტდება და მშობლების ნაწილმა თქვა, რომ ისინი მოვალეობებს სქესის მიხედვით არ ანაწილებენ.

"მე ერთნაირ მოვალეობას ვაკისრებ გოგოს და ბიჭს. მე სახლის დალაგებას, ჭურჭლის დარეცხვას ვავალებ არა მარტო გოგოს, არამედ ბიჭსაც", - ამბობს სოფელში მცხოვრები ერთ-ერთი დედა ბათუმის ფოკუს ჯგუფიდან.

გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, სქესს უკავშირდება მშობლების დამოკიდებულება დისციპლინასთანაც - ისინი უფრო მეტად აკონტროლებენ და უწესებენ შეზღუდვებს გოგოებს, ვიდრე ბიჭებს.

გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევამ ასევე აჩვენა, რომ გვიანი მოზარდობის პერიოდში მყოფი გოგოების გარეგნულ იმიჯზე მშობლებს კვლავ დიდი გავლენა აქვთ. თითქმის ყვე­­­ლა გოგო ამბობს, რომ ოჯახში მათი გარეგნობის კონტროლი დედის ფუნქციაა.

"თუ მივანიშნებ და არ გაითვალისწინებს ჩემს მოსაზრებას, ბევრს ვკამათობთ. საბოლოოდ მე ვიმარჯვებ და ისე იქცევა, როგორც მე მსურს", - ამბობს მოზარდის დედა ბათუმის ფოკუს ჯგუფიდან.

"დედას შეუძლია მომაბრუნოს სახლში და შემაცვლევინოს ვარცხნილობა, თუ არ მოსწონს", - ამბობს 14-17 წლის გოგოების ფოკუს ჯგუფის მონაწილე.

აღსანიშნავია ისიც, ადრეული მო­­­ზარდობის პერიოდში მყოფი ზოგიერთი ბიჭი წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ მათ თითქმის არასდროს ეძლევათ საკუთარ ჩაცმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების საშუალება. ზოგიერთი მოზარდის განცხადებით, მშობლე­­­ბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად, მათ ხანდახან შიშის და სირცხვი­­­ლის განცდა ეუფლებათ.

რაც შეეხება ურთიერთობებს, მშობლები, განსაკუთრებით კი დედები, წუხილს გამოთქვამენ მოზარდი შვილების რომანტიკული ურთიერთობების გამო. ეს განსაკუთრებით გოგოებს ეხება - მშობლების ღელვას საფუძვლად უდევს მათი შიში, რომ ემოციები შვილებს ხელს შეუშლის სწავლაში, ან, რომ სხვა მოვალეობებს უგულებელყოფენ და მხოლოდ თავიანთ ემოციებს დაუთმობენ დროს, ან, რომ უახლოეს მომავალში დაქორწინდებიან.

"დიახ, მაგრამ ყველაფერი პირიქით ხდება; ის, რომ შეყვარებული მყავს, სულაც არ მიშლის ხელს სწავლაში. იციან, რომ შეყვარებული მყავს და როდესაც თურქულის გაკვეთილზე მივდივარ, ფიქრობენ, რომ გავაცდენ და მას შევხვდები; ასე არაა; ყოველთვის ეჭვით მიყურებენ, მაგრამ მაინც მიშვებენ", - ამბობს 14-17 წლის გოგოების ფოკუს ჯგუფის მონაწილე ბათუმიდან.

დოკუმენტის მიხედვით, მოზარდ ბიჭებს მშობლები ხშირად ახალისებენ, რომ თავიანთი "მამაკაცობა" გამოავლინონ და მაშინაც ნაკლებად ისჯებიან, თუ გოგოს დააორსულებენ. გოგოები კი ხშირად ისჯებიან სექსუალური ურთიერთობის ან დაფეხმძიმების შემთხვევაში.

Unicef-ის კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მოზარდებისთვის ჩვეული რამ არის ალკოჰოლის გასინჯვა ისეთ ადრეულ ასაკში, როგორიცაა 11-12 წელი. დოკუმენტის მიხედვით, ალკოჰოლის მცირე რაოდენობით მოხმარების გამოცდილება ჩვეულია ბავშვებისთვის მოზარდობის როგორც ადრეულ, ისე გვიანდელ პერიოდში, ოღონდ უფრო ბიჭების, ვიდრე გოგოების შემთხვევაში.

"ჩემს კლასელზე გავიგე, რომ დაიჭირეს სიგარეტის მოწევაზე. დედამ დაარტყა. არა მგონია ბიჭზეც იგივენაირად მოქცეულიყვნენ. ასეთ მშობლებს მეტი პრობლემა გოგონებთან ექმნებათ", - ამბობს 14-17 წლის ბიჭი ბათუმის ფოკუს ჯგუფიდან.

რაც შეეხება განათლებას, გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიშის მიხედვით, მშობლებს საჭიროდ მიაჩნიათ, რომ სათანადო განათლება ორივე სქესის მოზარდმა უნდა მიიღოს. თუმცა გენდერის კუთხით მნიშვნელოვანი სხვაობები მაინც გამოვლინდა ისეთ საკითხებში, როგორიცაა: რამდენი მეცადინეობაა საკმარისი თითოეული სქესის წარმომადგენლისთვის, როგორ უნდა გადანაწილდეს დრო მეცადინეობასა და საოჯახო საქმეებს შორის, რომელი პროფესიები შეესაბამება ამა თუ იმ სქესს და ა.შ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არის ოჯახები, სადაც მიიჩნევენ, რომ განათლების მიღება ბიჭებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ის "ოჯახის მარჩენალია".

ზოგიერთ ოჯახში კი, ბიჭი შვილები უფრო ჭკვიანებად ითვლებიან, ვიდრე გოგოები, შესაბამისად, მათგან უფრო მაღალ აკადემიურ მოსწრებას მოითხოვენ.

"ზოგიერთი მშობელი ფიქრობს, რომ გოგონებს არ შეუძლიათ კომპლექსურ აკადემიურ თუ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებით ჩართვა. აღზრდის კუთხით, ამგვარ დამოკიდებულებას შეუძლია მნიშვნელოვნად შეაფერხოს მოზარდი გოგონების აკადემიური მოსწრება და განვითარება. კვლევის განმავლობაში გამოვლინდა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც გოგონებში წახალისებული არ ყოფილა ისეთი პროფესიების არჩევა, როგორიცაა მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა", - ამბობენ Unicef-ში.

სქესობრივი განათლება

გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება, რომ ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი სქესობრივ მომწიფებასა და სხეულის ცვლილებებთან დაკავშირებით, მოზარდ გოგოებს დედებმა უნდა გაუზიარონ. ბიჭების სქესობრივი განათლება კი მამის საქმედ აღიქმება.

"მხოლოდ რამდენიმე მამამ გამოხატა მზაობა, ნებისმიერ საკითხზე ესაუბრა შვილებთან, განურჩევლად სქესისა", - წერია დოკუმენტში.

გარდა ამისა, კვლევაში გამოჩნდა, რომ მამები აცნობიერებენ გარკვეულ ასაკში თავიანთი ბიჭი შვილების ბიოლოგიურ მოთხოვნილებას, დაამყარონ სქესობრივი კავშირი და მეტიც, ღიად და ფინანსურადაც კი უჭერენ მხარს ამ გამოცდილების მიღებას.

"მიღებულია, რომ გვიანი მოზარდობის პერიოდში შესულმა ბიჭებმა პირველი სქესობრივი გამოცდილების მისაღებად ბორდელს უნდა მიმართონ. ასეთი ტიპის "ვოიაჟები" ზოგიერთ შემთხვევაში ინიცირებულია და თავად მამებიც კი აფინანსებენ. თუმცა, ამავე დროს, მამები იშვიათად თუ საუბრობენ შვილებთან სამომავლო გამოცდილების შესახებ, ან აწვდიან რჩევებს დაცულ სექსთან დაკავშირებით", - წერია კვლევაში.

დოკუმენტის მიხედვით, მხოლოდ რამდენიმე მშობელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მათ შვილების დაცული სექსისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების პასუხისმგებლობა აკისრიათ.

ამავე ანგარიშში, მოზარდობის ადრეულ პერიოდში მყოფი მოზარდები ამბობენ, რომ ისინი უხერხულობას განიცდიან და თავს არაკომფორტულად გრძნობენ მშობლებთან სექსუალობის გარშემო არსებულ საკითხებზე საუბრისას, ამიტომ, ამ თემაზე ინფორმაციის მოსაძიებლად, ამჯობინებენ ინტერნეტს მიმართონ.

გაეროს ბავშვთა ფონდი ხაზს უსვამს, რომ სქესობრივი განვითარება ზრდის მნიშვნელოვანი და ბუნებრივი თანმდევი პროცესია. ობიექტური და კონკრეტული ინფორმაციის ღიად გაზიარება მოზარდებს ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება, ისინი სწავლობენ, როგორ იგრძნონ თავი კომფორტულად სქესობრივი მომწიფების პერიოდში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სექსუალობის კვლევისას მოზარდები ბევრ შეკითხვას და პრობლემას აწყდებიან და აუცილებელია, მშობლებმა მზრუნველობა, სიყვარული და ყურადღება გამოიჩინონ, მოუსმინონ მათ კითხვებს და წუხილს და ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ.

ბულინგი და "ქუჩის აკადემია"

Unicef-ის კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებს ცხოვრების საკმაოდ ადრეულ ეტაპზევე უწევთ ძალადობასთან შეხება. მოზარდები ძალადობის შემსწრე ან მსხვერპლი ძირითადად ოჯახში, სკოლასა და უბანში ხდებიან. გამოვლინდა, რომ ბულინგი სერიოზული პრობლემაა და ბიჭების ცხოვრებაში ხშირად გვხვდება ადრეული მოზარდობის პერიოდიდან.

დოკუმენტის მიხედვით, გოგოებთან შედარებით ბიჭები უფრო ხშირად ხდებიან ბულინგის სამიზნე.

"10-14 წლის ბიჭების თქმით, ბავშვები ერთმანეთის მიმართ ძალიან ხშირად ავლენენ აგრესიას სკოლაში, მათ შორის ხშირია დარტყმა, ჯაჯგური, ცემა და დაცინვა", - წერია დოკუმენტში.

გაეროს ბავშვთა ფონდი ამბობს, რომ მშობლები და მოზარდის ცხოვრებაში მყოფი სხვა უფროსები გავლენას ახდენენ იმაზე, თუ როგორ ესმით, რეაგირებენ და უმკლავდებიან ძალადობის მომსწრე ან მსხვერპლი მოზარდები თავიანთ ემოციებს.

კვლევაში გამოჩნდა, რომ როდესაც მშობლები ვერ ახერხებენ მოთმინებით და მხარდაჭერით უპასუხონ მოზარდების მიერ გაზიარებულ ამბებს ძალადობაზე, შვილები აღარ უზიარებენ მათ მსგავს გამოცდილებებს, რადგან დასჯის, იგნორირების, კრიტიკისა და ეჭვის გაჩენის ეშინიათ.

"არ მოვუყვები, რადგან საბოლოოდ მე დამადანაშაულებენ. თუ ვინმემ რამე გითხრა, უნდა მოგეთმინაო, მეტყვიან, მე ასეთ რაღაცეებს ვერ ვითმენ", - ამბობს 10-13 წლის ბიჭების ფოკუს ჯგუფის მონაწილე თელავიდან.

"რომ მოვუყვე, მეჩხუბებიან. ერთხელ კლასელმა დამარტყა და ვცემე, ცხვირში დამარტყა ისე, რომ გამისივდა, სახლში რომ მივედი, მე დამსაჯეს", - ამბობს 10-13 წლის ბიჭების ფოკუს ჯგუფის მონაწილე თელავიდან.

Unicef-ის კვლევაში ასევე გამოვლინდა, რომ საქართველოში მოზარდობის პერიოდში ბიჭები ე.წ. "ქუჩის აკადემიას" გადიან. გამოკითხვაში მონაწილე მამები არ ავლენენ შეშფოთებას იმ სარისკო ქცევების მიმართ, რასთანაც შესაძლოა ჰქონდეთ შეხება მათ შვილებს ე.წ. "ქუჩის აკადემიაში". მეტიც, ამ "სკოლის" გავლა მოზარდის ცხოვრებაში ერთ-ერთ საჭირო გამოცდილებად აღიქმება.

"ბიჭმა "ქუჩის აკადემია" უნდა გაიაროს და იცოდეს, რომ პოლიციაში არ უნდა დარეკოს", - ამბობს მოზარდის მამა ბათუმის ფოკუს ჯგუფიდან.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ თითქმის ყველა მოზარდი, რომელიც ძალადობის შემსწრე ან მსხვერპლი ყოფილა, ძალადობაზე რეაგირების მხრივ, უფროსების, განსაკუთრებით კი, მამების, რჩევებს ითვალისწინებს.

"შვილები ითვისებენ და პრაქტიკაში იყენებენ იმას, რასაც მშობლები უხსნიან და ასწავლიან. მშობლების დამოკიდებულებები და ღირებულებები დიდ გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ უმკლავდებიან მოზარდები სირთულეებს. ისინი მშობლების მაგალითზე სწავლობენ. მოზარდები აცნობიერებენ, რომ მშობლების ჩართულობას და რჩევებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ბავშვების ქცევასა და უნარზე, გაუმკლავდნენ სარისკო ქცევას", - აღნიშნავს გაეროს ბავშვთა ფონდი.

ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორები

გაეროს ბავშვთა ფონდი საუბრობს იმაზეც, რომ აღზრდის ყველა ეტაპზე და ასპექტზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სიღარიბე. ანგარიშის მიხედვით, სტაბილური და საკმარისი შემოსავლების არარსებობის გამო, მშობლებს ერთდროულად ბევრ სამსახურში, არანორმირებულ საათებში, ან სახლიდან შორს უწევთ მუშაობა, რაც ეს ფაქტორები შვილებთან გატარებული დროის ხანგრძლივობასა და ხარისხზე ნეგატიურად აისახება.

"აი, ვზრდი ბავშვს და არ მაქვს ადეკვატური საშუალება, პირობები შევუქმნა განათლებისთვის, სპორტისთვის, ა.შ.", - ამბობს მოზარდის მამა ბათუმის ფოკუს ჯგუფიდან.

"ჩვენ შემთხვევაში ასე არაა, ყველა ცდილობს ბევრი რამ აკეთოს, და არა ერთი, შედეგად, შვილებისთვის ნაკლები დრო გვრჩება, რომ ვესაუბროთ, ვასწავლოთ რამე, ა.შ. ჩვენ ასე არ ვართ, ჩვენ ათასობით რაღაცაში ვართ ჩართული და დრო არ გვრჩება შვილებისთვის", - ამბობს ასევე ბათუმის ფოკუს ჯგუფის მონაწილე სხვა მამა.

რაც შეეხება პოლიტიკურ ფაქტორებს, Unicef-ი ამბობს, რომ მშობლები, რომლებიც ავტორიტარული მშობლობის მეთოდებით აღიზარდნენ, თავადაც აღზრდის ავტორიტარულ სტილს მიმართავენ და ფიზიკური დასჯის მეთოდებს იყენებენ, რაც მოზარდებში იმედგაცრუებას იწვევს.

თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ კვლევის მიხედვით, ბავშვთა უფლებების საერთაშორისო კანონები და ნორმები მშობლებს უფრო ყურადღებიანს ხდის დასჯის მეთოდების მიმართ - მრავალმა მომვლელმა აღნიშნა, რომ მშობლები აღარ სცემენ ბავშვებს იმის შიშით, რომ ამის შესახებ შესაბამის ორგანოებს შეძლება აცნობონ.

Unicef-ის კვლევაში ასევე გამოვლინდა, რომ მშობლები, ზოგადად, შვილის აღზრდის საკითხებში დახმარების გარე წყაროებიდან მიღებას ენთუზიაზმით არ ეკიდებიან. ზოგიერთი მშობლის აზრით, შესაძლოა ყველაფერი არ იცოდნენ, მაგრამ ბავშვის აღზრდისთვის საკმარის განათლებას და შესაბამის უნარებს მაინც ფლობენ.

"არავის ვკითხავ, თუ როგორ გავზარდო ჩემი შვილი, ვინც არ უნდა იყოს, იმიტომ, რომ მათ არ აქვთ ურთიერთობა ჩემს შვილთან, და ისე გავზრდი მას, როგორც მე მინდა; როგორც მე გამზარდეს ზრდილობიანი, ისე გავზრდი მასაც, არ მჭირდება არავის ჩარევა. ბავშვის აღზრდა პირველივე თვეს იწყება, ახლა ჩემები მოზარდები არიან, ცხოვრება გვიჩვენებს, როგორ მოვიქცეთ", - ამბობს მოზარდის მამა ბათუმის ფოკუს ჯგუფიდან.

-----

გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციებია:

  1. შემუშავდეს პოლიტიკის დოკუმენტები, რომლებიც ასახავენ მოზარდების და მათი მშობლების სპეციფიკურ საჭიროებებს.
  2. გაძლიერდეს მოზარდთა მშობლობის გაფართოებული, მიზნობრივი მხარდაჭერის ადვოკატირება
  3. გაძლიერდეს მტკიცებულებები იმის შესახებ, თუ როგორ იცვლება მოზარდთა მშობლობა და რა საჭიროებები აქვთ მოზარდთა მშობლებს
  4. გაძლიერდეს ინტერსექტორული და ჰორიზონტალური თანამშრომლობა მოზარდების მშობლების და თავად მოზარდების მხარდასაჭერად
  5. გაძლიერდეს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების შესაძლებლობები მოზარდების პოზიტიური მშობლობის მხარდასაჭერად
  6. პროგრამების დიზაინი, მონიტორინგი და შეფასება უნდა ასახავდეს მოზარდებსა და მათ მშობლებთან დაკავშირებულ სპეციფიკურ გამოწვევებს და შესაძლებლობებს.

მეთოდოლოგია:

კვლევის მონაცემების მოსაპოვებლად გამოყენებულია თვისებრივი მეთოდები, კერძოდ, ჩაღრმავებული ინტერვიუები და ფოკუს ჯგუფები. სამიზნე ჯგუფებია: მოზარდები მოზარდობის პერიოდის ადრეული (10-13) და გვიანი (14-17) ასაკობრივი ჯგუფებიდან; მოზარდების მშობლები/აღმზრდელები; წამყვანი სპეციალისტები, რომლებიც მუშაობენ მოზარდების აღზრდასთან დაკავშირებულ პროგრამებზე, პროექტებსა და პოლიტიკის შემუშავებაზე.

თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა 10 ჩაღრმავებული ინტერვიუ და 16 დისკუსია ფოკუს ჯგუფთან. კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების კონფიდენციალობიდან გამომდინარე, მათი ჩართვა ფოკუს ჯგუფის დისკუსიებში, ვერ მოხერხდა. თუმცა კვლევის ეროვნულმა გუნდმა ამ სამიზნე სეგმენტთან დაკავშირება შეძლო "პრობაციის ეროვნული სააგენტოს" მხარდაჭერით და კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებთან დამატებით 4 ჩაღრმავებული ინტერვიუ ჩატარდა.

ფოკუს ჯგუფები გაიმართა თბილისში, კახეთსა და აჭარაში მცხოვრებ მოზარდებთან (8 ფოკუს ჯგუფი) და მოზარდების მშობლებთან/აღმზრდელებთან (8 ფოკუს ჯგუფი). საველე სამუშაოებმა 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2017 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი მოიცვა.

კვლევა სრულად

კომენტარები