საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტს ახალი რეგლამენტი აქვს

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს, მესამე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს".

დოკუმენტი ძალაში ახალი პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე შევა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ახალ რეგლამენტში ჩაიწერა, საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელია. საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, ქვეყნის მთავარ კანონში საკანონმდებლო ორგანოს ადგილი მითითებული აღარ არის და ეს რეგლამენტში განისაზღვრა.

დოკუმენტის მიხედვით, პარლამენტის ადგილსამყოფელია საქართველოს დედაქალაქი - თბილისი, პარლამენტის სასახლე, რუსთაველის გამზირი N8. რეგლამენტში წერია, რომ პარლამენტის ადგილსამყოფლის დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის ჩატარების მიზნით დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობების დროს და ამ გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარე იღებს.

ახალი რეგლამენტი აგრეთვე, აწესრიგებს პარლამენტის სათათბირო ორგანოების, პარლამენტის სესიის და სხდომის და საკანონმდებლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს.

დოკუმენტით ასევე გათვალისწინებულია პროცედურები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებაში პარლამენტის მონაწილეობასთან არის დაკავშირებული, დარეგულირებულია საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირების, დენონსირების და გაუქმების პროცედურები.

გარდა ამისა, რეგლამენტი მოიცავს ნორმებს, რომლებიც უკავშირდება საპარლამენტო ზედამხედველობას, კონტროლსა და ანგარიშვალდებულებას.

კომენტარები