საფრანგეთი

საფრანგეთის მთავრობამ საწვავზე გადასახადის ზრდის პროექტი 2019 წლის ბიუჯეტიდან ამოიღო

Reuters

საფრანგეთის მთავრობამ საპროტესტო აქციების გამო საწვავზე გადასახადების ზრდის პროექტი 2019 წლის ბიუჯეტიდან ამოიღო.

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ედუარდ ფილიპემ თქვა. თავდაპირველად პროექტი 6 თვით გადაიდო, რათა მოლაპარაკებები გამართულიყო.

"ფრანგებს, რომლებმაც ყვითელი ჟილეტები ჩაიცვეს გადასახადების შემცირება სურთ და მუშაობენ იმისათვის, რომ გადაიხადონ. ჩვენც ეს გვსურს. თუ ვერ შევძელი ამის სახსნა, თუ მმართველმა უმრავლესობამ ვერ შეძლო ფრანგების დარწმუნება, რაღაც უნდა შეიცვალოს." თქვა პრემიერმინისტრმა სატელევიზიო მიმართვაში.

ემანუელ მაკრონი პროექტს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ფარგლებში აქტიურად უჭერდა მხარს, თუმცა მას საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა. მაკრონის რეიტინგი 23%-მდე დაეცა.

"ყვითელი ჟილეტების" აქციები საფრანგეთში სამი კვირის წინ დაიწყო. მომიტინგეები საწვავზე გადასახადების გაზრდას აპროტესტებდნენ, თუმცა შემდეგ ის ანტი-სამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა.

მას შემდეგ დაპირისპირებების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. კვირას პარიზში აქციების დროს მომიტინგეებმა მანქანები დაწვეს და ცეცხლი წაუკიდეს ბანკებს და შენობებს.

პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 48 პოლიციელი. პოლიციის ინფორმაციით დააკავეს 378 ადამიანი, მათ შორის 33 არასრულწლოვანი.

კომენტარები