არჩევნები 2018

ეუთო: არჩევნების სამოქალაქო ომთან შედარება სიძულვილის წახალისების ზღვარზე იდგა

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნები გამოაქვეყნა. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ერთობლივ ანგარიშში წერია, რომ მათი დამკვირვებლების თვალთახედვის არეში მოექცა "საყოველთაოდ გავრცელებული ძალზედ აგრესიული და ძალადობრივი რიტორიკა". მათი თქმით, ეს რიტორიკა ისმის სატელევიზიო გადაცემებში, სოციალურ ქსელებსა და დემონსტრაციების დროს. ასევე, ჩანს პარტიის მაღალჩინოსანი წევრებისა და სახელმწიფო მოხელეების მიერ გაკეთებული ცალკეულ განცხადებებში.

"გაკეთდა რამდენიმე განცხადება, რომელშიც არჩევნები სამოქალაქო ომთან იყო შედარებული და ოპონენტების განადგურებისკენ მოუწოდებდა, რაც ქსენოფობიისა და სიძულვილის წახალისების ზღვარზე იდგა. საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, არ არსებობს სიძულვილის ენასთან დაკავშირებული ყოვლისმომცველი კანონმდებლობა და აქედან გამომდინარე, სახელმწიფო უწყებებს არ დაუწყიათ აღნიშნული შემთხვევების მოკვლევა, რათა დაედგინათ, ეს განცხადებები მართლაც შეიცავდა, თუ არა სიძულვილის ენას. ეს კი, წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისოდ აღიარებულ საუკეთესო პრაქტიკასთან. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა დაგმეს ეს განცხადებები" - ნათქვამია ანგარიშში.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მეორე ტური ჩატარდებოდა, ქართული ოცნების დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ თქვა - "თუ მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს, ეს იქნება რეალური ნაბიჯი სამოქალაქო ომის დაწყებისკენ". მას რამდენიმე დეპუტატი დაეთანხმა.

კომენტარები