არჩევნები 2018

პირველადი შედეგებით, არჩევნების მეორე ტურზე 47 585 ბიულეტენი გაბათილდა

ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა სულ 1 975 845-მა ამომრჩეველმა მიიღო. აქედან 1 147 625-მა მოქალაქემ ქართული ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს მისცა ხმა, ხოლო 780 635-მა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს.

დარჩენილი 47 585 ამომრჩევლის ხმა გაბათილდა - ეს ის ბიულეტენებია, რომლებზეც მოქალაქეებმა ორივე არჩევანი გადახაზეს, საკუთარი სასურველი კანდიდატი მიაწერეს ან სხვა სახით "დააზიანეს". აქ შედის ის შემთხვევებიც, როდესაც ამომრჩეველმა სავარაუდოდ სათანადო ინფორმაციის არქონის გამო (არ იცოდნენ, რომ ბიულეტენს "აფუჭებდნენ"), ერთი კანდიდატი შემოხაზა, ხოლო მეორე - გადახაზა. ოპოზიცია ითხოვდა, ასეთი ბიულეტენები ბათილად არ ეცნოთ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების 100% უკვე დათვალა. ქართველი ამომრჩევლის 59.52%-მა ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი აირჩია.

2018 წლის 28 ნოემბერს საქართველოში პირველად ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. ამასთან, ახალი კონსტიტუციით, ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ ქვეყნის პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩია.

28 ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩევლის 56.23%-მა მიიღო. ეს თითქმის 10%-ით მეტია პირველი ტურის აქტივობაზე. მეორე ტურზე საკუთარი არჩევანი 337 889-ით მეტმა მოქალაქემ გააკეთა.

კომენტარები