არჩევნები 2018

სავარაუდო მოსყიდვა, ფარულობის დარღვევა, უბნებზე ამომრჩევლის აღრიცხვა - TI-ის საბოლოო შეფასება

"ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა, კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, მოსული ამომრჩევლის აღრიცხვა კენჭისყრის შენობაში, არჩევნების გაყალბების მცდელობა, წილისყრის პროცედურის დარღვევა" - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შეფასების ანგარიშს აქვეყნებს.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, TI-მ 150-მდე დარღვევა დააფიქსირა. ორგანიზაციის დამკვირვებლებმა დაწერეს 12 საჩივარი სადაც, განსაკუთრებით აღსანიშნავია შემდეგი ტენდენციები:

ანგარიშში აღწერილია კონკრეტული შემთხვევები, რაც საერთაშორისო გამჭვირვალობის დამკვირვებლებმა დააფიქსირეს:

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

მთელი დღის განმავლობაში თითქმის ყველა საარჩევნო უბნის გარეთ შეიმჩნეოდა საპრეზიდენტო კანდიდატების კოორდინატორების მობილიზება, რაც დაძაბულ ატმოსფეროს ქმნიდა. გარდა ამისა, ზოგიერთი საარჩევნო უბნის გარეთ ჩვენმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, რომ უბნიდან გამოსული ამომრჩევლები სხდებოდნენ უბნის გარეთ მდგომ ავტომობილებში და რამდენიმე წუთის შემდეგ უკან გადმოდიოდნენ. ოთხ შემთხვევაში, ჩვენი დამკვირვებლების მტკიცებით, ამომრჩევლებს ავტომობილში სავარაუდოდ ფული გადასცეს. კიდევ ერთ შემთხვევაში კი ამომორჩევლის სავარაუდო მოსყიდვას უბნის შიგნით ჰქონდა ადგილი.

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

პრობლემური იყო საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის ფარულობის დარღვევის შემთხვევბი. ბევრ უბანზე კენჭისყრის კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი შემოხაზულ ბიულეტენს აჩვენებდა ან კომისიის რომელიმე წევრს, ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს, ან რომელიმე დამკვირვებელს.

მოსული ამომრჩევლის აღრიცხვა კენჭისყრის შენობაში  

ასევე პრობლემური იყო ნაკადის მომწესრიგებლების მიერ მოსული ამომრჩევლის ვინაობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დამკვირვებლებისთვის. ბევრ უბანზე ისინი ან ხმამაღლა ასახელებდნენ მოსული ამომრჩევლის სახელსა და გვარს ან კარნახობდნენ სხვადასხვა ორგანიზაციის დამკვირვებლებს. ასეთი ქმედება ამომორჩევლის მხრიდან შესაძლოა აღქმული ყოფილიყო მასზე განხორციელებულ ზეწოლად და მისი ნების კონტროლის მცდელობად.

ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლა

დაფიქსირდა ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ორი ფაქტი, როდესაც „ტვ პირველი”-სა და news.on.ge-ის ჟურნალისტებს საარჩევნო უბნების გარეთ არ მისცეს ვიდეო გადაღების საშუალება და სცადეს ფიზიკური ძალადობა. ორივე საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.

არჩევნების გაყალბების მცდელობა

#22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #52 საარჩევნო უბანზე ჩვენმა დამკვირვებელმა დაინახა თუ როგორ ცდილობდა ერთ-ერთი ამომრჩეველი საარჩევნო ყუთში რამდენიმე კონვერტის ჩაყრას. პროტესტის შემდეგ იგი უბნიდან გაიქცა, თუმცა ჩვენმა დამკვირვებელლმა მოახერხა მისთვის ფოტოს გადაღება. შსს-მ ამ საქმის შესწავლა უკვე დაიწყო და ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება მოახდინა.

დამკვირვებლების საარჩევნო უბნებზე არშეშვება

დილიდან მასობრივად ფიქსირდებოდა საარჩევნო უბნებზე ჩვენი დამკვირვებლების არშეშვების  ფაქტები. საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები უარს იმ მიზეზით ამბობდნენ, რომ დამკვირვებლის მოწმობებს მოქმედების ვადად 20 ნოემბერი ჰქონდა მითითებული. როგორც ჩანს, თავმჯდომარეები არ იყვნენ ინფორმირებული ცესკოს იმ დადგენილების შესახებ, რომლითაც დამკვირვებლის მოწმობების ვადები გახანგრძლივდა. საოლქო საარჩევნო კომისიების ჩარევის შემდეგ ჩვენი დამკვირვებლები უბნებზე დაუშვეს.

წილისყრის პროცედურის დარღვევა

ზოგიერთ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრების ფუნქციების გადასანაწილებელი წილისყრის ჩატარების დროს გამოიკვეთა დარღვევები. კომისიის თავმჯდომარეები ან უარს ამბობდნენ წილისყრის ჩატარებაზე, ან არაჯეროვნად ატარებდნენ ამ პროცედურას.

საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის საარჩევნო უბნებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტომობილით (სახ. ნომრით ZMG 400) მთელი დღის განმავლობაში გადაადგილდებოდა ზუგდიდის კეთილმოწყობის მართვის ცენტრის დირექტორის მოადგილე მამუკა ციმინტია. სახელმწიფოს ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალების საარჩევნო მიზნით გამოყენება საარჩევნო კოდექსით აკრძალულია და წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას.

კენჭისყრის შედეგების შეჯამების დროს არსებული პრობლემები

ზოგიერთ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები ჩვენს მონიტორებს ჯეროვანი დაკვირვების შესაძლებლობას არ აძლევდნენ. ორი უბნიდან ჩვენი დამკვირვებლები გაუგებარი მიზეზების გამო გამოაძევეს. ზემდგომი საარჩევნო კომისიების ჩარევის შემდეგ დამკვირვებლები უბნებზე უკან დააბრუნეს. ზოგიერთ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები შემაჯამებელ ოქმში საბოლოო ბალანსს ვერ სვამდნენ და შეუსაბამო, ზოგჯერ კი ურთიერთსაწინააღმდეგო ახსნა-განმარტებებს წერდნენ.  

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავს შესაბამის უწყებებს. რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ პროკურატურამ უნდა გამოიძიოს ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ყველა შემთხვევა, ცესკომ უნდა გაატაროს შესაბამისი ზომები საარჩევნო კომისიის წევრების დაბალი კვალიფიკაციის პრობლემის მოსაგვარებლად, საარჩევნო კომისიებმა უზრინველყონ დამკვირვებლებისთვის შესაბამისი გარემოს არსებობა და არ დაუშვან მონიტორების მიმართ აგრესიული ქმედებები კომისიის წევრების მხრიდან და პოლიტიკურმა პარტიებმა თავი უნდა შეიკავონ საკუთარი მხარდამჭერების აღრიცხვისა და მობილიზაციის დროს ისეთი მეთოდების გამოყენებისგან, რომლებიც შეიძლება აღქმულ იქნას ამომრჩევლის ნების გამოხატვის შეზღუდვად და იწვევდეს კენჭისყრის ფარულობის დარღვევას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიამ ხმების 100% დათვალა. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდა. ქართული ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატს, არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩეველთა 59.52 %-მა მისცა ხმა. ოპოზიციური ერთობის ძალა ერთობაშია კანდიდატს გრიგოლ ვაშაძე კი - 40.48 %-მა. ზურაბიშვილმა 1 147 627 ხამ მიიღო, ვაშაძემ კი - 780 633

კომენტარები