არჩევნები 2018

საჩხერელი ამომრჩევლის 91.78%-მა ხმა "დამოუკიდებელ კანდიდატს" მისცა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობამ ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი აირჩია. ამ დროისთვის, დათვლილია ხმების 98.54%. 

ქართული ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატს მხარს ამომრჩევლის 59.62% უჭერს, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს - 40.38%.

სალომე ზურაბიშვილს ყველაზე მაღალი მხარდაჭერა ქართული ოცნების ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ რაიონში აქვს. საჩხერელი ამომრჩევლის 91.78%-მა ხმა "დამოუკიდებელ კანდიდატს" მისცა. დათვლილია ყველა უბნის მონაცემი.

საჩხერის შემდეგ, ყველაზე მაღალი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს ყაზბეგის (79.34%), ლენტეხის - 77.08% და მესტიის (76.55%) ოლქებში აქვს.

2018 წლის 28 ნოემბერს საქართველოში პირველად ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. ამასთან, ახალი კონსტიტუციით, ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ ქვეყნის პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩია.

28 ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩევლის 56.23%-მა მიიღო. ეს თითქმის 10%-ით მეტია პირველი ტურის აქტივობაზე. მეორე ტურზე საკუთარი არჩევანი 337 889-ით მეტმა მოქალაქემ გააკეთა.

კომენტარები