არჩევნები 2018

ზურაბიშვილი: ყველაფერს ვიღონებთ, რასაც შევძლებთ, იმისთვის, რომ გავერთიანდეთ

ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ "ყველაფერს ვიღონებთ, რასაც შევძლებთ". მან პირველი კომენტარი ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნებიდან ერთ საათში გააკეთა და აღნიშნა, რომ საბოლოო შედეგებს დაელოდება.

"ერთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და უნდა ვიცხოვროთ და უნდა გავამთლიანოთ და უნდა დავაწყნაროთ და უნდა დავამშვიდოთ.

ამიტომ მე გპირდებით დღეს, რომ ყველაფერს ვიღონებთ, რასაც შევძლებთ, იმისთვის, რომ ამას მივაღწიოთ, რომ ჩვენ გავერთიანდეთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი არჩევანი მშვიდობიან გარემოში ჩატარდა ეს უზრუნველყო ჩვენმა სახელმწიფომ.

მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მოვიდა არჩევნებზე, რამეთუ ეს არის დემოკრატია და ძალიან მაღალი აქტიურობა, რაც დღეს დაფიქსირდა, ნიშნავს ძალიან მაღალ დემოკრატიას.

რა თქმა უნდა, დაველოდებით საბოლოო შედეგებს, რათა საბოლოოდ დადასტურდეს ქართველი ხალხის პრინციპული არჩევანი.

ძალიან მადლიერი ვარ ყველასი, ვინც მთელ ამ პერიოდის განმავლობაში გვერდით მედგა, ჩემი თანამებრძოლები, თანამოაზრეები, თითოეული ჩემი მხარდამჭერი, მთელი საზოგადოება, რომელმაც თავისი სიტყვა თქვა, მადლიერი ვარ იმ პარტიის, რომელმაც მხარი დამიჭირა, ქართული ოცნების, მადლიერი ვარ ჩემი ოჯახის, ჩემი შვილების, რომლებმაც კიდევ უფრო განმიმტკიცეს რწმენა, რომ არასოდეს არ უნდა დანებდე, არ უნდა შეგეშინდეს, უნდა მოითმინო, მაგრამ არ უნდა დათმო ის, რაც მთავარია, მთავარი პრინციპები, მთავარი მიზანი ამ ცხოვრებაში და ეს მიზანი ჩემი კი არა, ეს არის, ჩვენი, ყველასი, ერთიანი მიზანი, რომელსაც შევუდგებით ძალიან მალე და მივაღწევთ ამ მიზანს - თანამედროვე, განვითარებული, გაძლიერებული და როგორც უკვე ვთქვი, გაღიმებული საქართველო, ყველას გილოცავთდღევანდელ დღეს" - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს ხმების 58% აქვს, ხოლო რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად - 55%.

კომენტარები