არჩევნები 2018

კიკნაველიძე: ხელისუფლება გამარჯვებისთვის ყველა აკრძალულ მეთოდს იყენებს

ტაბულა

ევროპული საქართველო საარჩევნო პროცესის მიმდინარეობასა და დარღვევებზე საუბრობს. 

ბრიფინგი ირაკლი კიკნაველიძემ გამართა. 

  • "მე-15 უბანზე დაფიქსირდა ე.წ. სომხური კარუსელის დატრიალების მცდელობა, შეგახსენებთ, რომ ეს არის მეთოდი როდესაც ბიულეტენს გარეთ უხაზავენ ამომრჩეველს და ამ შემოხაზული ბიულეტენით უშვებენ უბანზე. სწორედ ეს ბიულეტენი ჩაუვარდათ პროცესის დამკვირვებლებს ხელში და უახლოეს პერიოდში გაგაცნობთ დამატებით ინფორმაციასაც.
  • ამას გარდა ჩვენ ვხედავთ, რომ მოსყიდვის, დაშინების პროცესი, რაც წინასაარჩევნოდ ვნახეთ, დაემატა ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის ხმის მიცემის დემონსტრირება, თუ ვის მისცეს ადამიანებმა ხმა. ქართული ოცნების წარმომადგენლები უბნებზე დგანან და სთხოვენ მოქალაქეებს, რომ ანახონ გაშლილი ბიულეტენი, რომ გაიგონ ვის მისცეს ხმა.
  • ამას გარდა ვხედავთ უბნებთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულ ე.წ. ქუჩას, რომელსაც დაშინების მიზანი აქვს, ამ შემთხვევაში ამომრჩევლის. როგორც იმათი ვინც მიდის არჩევნებზე და აპირებს, რომ ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერას და კანდიდატის მხარდაჭერას, ასევე იმათ შესაშინებლად ვისაც მოსთხოვეს წინასაარჩევნოდ სახლში დარჩენა, საერთოდ ეს კიდევ ერთი ტაქტიკა იყო ქართული ოცნების. მაგალითად გურჯაანში, როცა ვსაუბრობ მე ხმის მიცემის დემონსტრირებას, თუ ვის მისცეს ხმა - გურჯაანში დაფიქსირდა მე-4, მე-16, მე-20, 21-ე, 26-ე, 36-ე, 37-ე, 41-ე, 45-ე უბნებზე. დამკვირვებლები, რომლებმაც ეს გააპროტესტეს, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები ამას ითხოვდნენ, საერთოდ გამოყარეს საარჩევნო უბნებიდან. ამას გარდა მე-19 უბანზე, გურჯაანში სამი დამკვირვებელი გამოაგდეს ამ მიზნით, რომ ხელს გვიშლით მუშაობაშიო და მუშაობა სწორედ ეს იყო, რომ სთხოვდნენ ადამიანებს საკუთარი ნების ჩვენებას, თ ვის მისცეს ხმა.
  • ამას გარდა, ხელისუფლება აგრძელებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების დაშინებას. დღეს დილით, ევროპული საქართველოს ადიგენის ორგანიზაციის წარმომადგენლის, სიმონ პარუნაშვილის მანქანა დააზიანეს, ოთხივე საბურავი გაუჭრეს. ის რომ ეს არ არის შემთხვევითობა ადასტურებს ისიც, რომ ასევე ადიგენის რაიონში, ოღონდ სხვა სოფელში, დაბა ადიგენში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის მანქანაც ზუსტად იგივე მეთოდებით დააზიანეს და ამით სცადეს ხელის შეშლა. 

ეს ამბები, რასაც ჩვენ ვისმენთ, დღეს დილიდან ვუყურებთ და ის რაზეც ახლა ვისაუბრე მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის დემოკრატიას. ეს სახეზეა, რომ ხელისუფლება იყენებს ყველა აკრძალულ მეთოდს იმისთვის, რომ გამარჯვება მოიპოვოს. მაგრამ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მაღალი აქტივობის პირობებში, რაც ამ არჩევნებზე ნამდვილად არის, უკვე შეგვიძლია ვთქვათ. უფრო მეტი მობილიზების პირობებში ხელისუფლებას ეს არ გამოუვა, ეს შეუძლებელია იმიტომ, რომ ნება უკვე გამოხატულია პირველ ტურში. ახლა მნიშვნელოვანია, რომ მოვახერხოთ უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ბოლოს და ბოლოს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც არჩევნებზე მიდიან და ხმის მიცემას აპირებენ,"- თქვა კიკნაველიძემ.

კომენტარები