არჩევნები 2018

დღეს არჩევნების II ტური ტარდება - საქართველო მეხუთე პრეზიდენტს აირჩევს

ტაბულა

დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები 08:00-ზე გაიხსნება.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის პოსტისთვის ერთმანეთს ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ პირველ ტურში ზურაბიშვილმა ვაშაძეს ხმების მხოლოდ 0.9%-ით გადაუსწრო.

საქართველოს ისტორიაში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური პირველად ტარდება. ასევე, საქართველოს ახალი კონსტიტუციის თანახმად, ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც ამომრჩეველი პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები (3 703 + 11 საგამონაკლისო) 20:00-ზე დაიხურება, ხოლო საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ამომრჩეველს 55 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 00:00-მდე შეეძლება. რაც შეეხება ავღანეთს, ქართველმა სამხედროებმა კენჭისყრაში მონაწილეობა 26 ნოემბერს მიიღეს. მათი ბიულეტენებიც 28 ნოემბერს დაითვლება, მას შემდეგ, რაც საქართველოში დასრულდება ხმის მიცემის პროცესი.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა - 3 528 658-ია. აღსანიშნავია, რომ პირველ ტურთან შედარებით, სია დაახლოებით ცხრა ათასით არის გაზრდილი. ცესკოს ინფორმაციით, საუბარია იმ ამომრჩეველზე, რომლებმაც პირველად გაიარეს რეგისტრაცია არჩევნების მეორე ტურისთვის, გაააქტიურეს ან აიღეს ახალი დოკუმენტები. ასევე, აქ შედიან ამომრჩევლები, რომლებიც 28 ოქტომბრის შემდეგ გახდნენ 18 წლის ან დღეს, 28 ნოემბერს უსრულდებათ 18 წელი. 

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის რეგისტრირებულია და პროცესს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი, 48 000-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი, ხოლო საარჩევნო პროცესს გააშუქებს 2300-მდე ჟურნალისტი.

კომენტარები