უკრაინა-რუსეთი

ანექსირებული ყირიმის სასამართლომ დაკავებულ უკრაინელ მეზღვაურს 2-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა

Reuters

ანექსირებული ყირიმის სასამართლომ ქერჩის სრუტეში რუსეთის მიერ დაკავებულ უკრაინის ფლოტის ზღვაოსანს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას TASS ავრცელებს.

რუსეთი 24 დაკავებულ მეზღვაურს მათი ტერიტორიულ წყლებში არალეგალურად შესვლაში ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო.

კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს.

მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერი "ბერდიანსკსა" და "ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა. ხომალდები ქერჩის პორტში გადაიყვანეს.

პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომისას დაუჭირა. სხდომა გვიან ღამით გაიმართა, პოროშენკომ მისი გადაწყვეტილების შესახებ 26 ნოემბერს, გამთენიისას განაცხადა. უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან.

პეტრო პოროშენკო პარლამენტს მოუწოდებდა საომარი მდგომარეობა 2019 წლის 25 იანვრამდე გამოცხადებულიყო.

რადას გადაწყვეტილებით საგანგებო მდგომარეობა რუსეთის მოსაზღვრე რეგიონებში გამოცხადდება. ესენია ვინიცის, ლუგანსკის, ნიკოლაევის, ოდესის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, ხერსონის და აზოვი-ქერჩის აკვატორიის ოლქები.

სამხედრო-საომარი მდგომარეობა ამ რეგიონებში მომდევნო 30 დღის მანძილზე იქნება გამოცხადებული.

ევროკავშირის ქვეყნები და აშშ რუსეთს მოუწოდებენ გაათავისუფლონ დაკავებული მეზღვაურები.

კომენტარები