არჩევნები 2018

"როცა დავაპირებ, გეტყვით", "არ ვაკეთებ კომენტარს" - ზურაბიშვილის ყველა უარი I ტურის შემდეგ

არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე, "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ თქვა მედიასთან კომენტარზე უარი.

“არ ვაკეთებ კომენტარებს, გაგიღიმებთ და ხვალ ვიგებ" - უთხრა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.

არჩევნების შედეგებზე მედიასთან მისი დუმილი კი, პირველი ტურის შემდეგ დაიწყო. ის 28 ოქტომბრის შემდეგ, ორი დღის განმავლობაში არ პასუხობდა ჟურნალისტების კითხვებს და ამბობდა, რომ თავად გადაწყვეტდა, როდის დაიბარებდა მედიის წარმომადგენლებს. 

"როცა დაგიბარებთ, მაშინ", "ისაუბრეთ თქვენს შორის, საინტერესოა", "როცა დავაპირებ, გეტყვით" - მიმართა ზურაბიშვილმა მის სახლთან მისულ რამდენიმე ჟურნალისტს 29 ოქტომბერს.

პრეზიდენტობის კანდიდატმა დუმილი 30 ოქტომბერს, საჯარო ბრიფინგზე დაარღვია, სადაც თქვა, რომ არჩევნების მეორე ტურში მოსაგებად ბრძოლას აგრძელებდა. თუმცა, მედიის კითხვებზე პასუხი მას არც მაშინ გაუცია.

31 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილი ქართული ოცნების ოფისში მივიდა, სადაც ჟურნალისტების კითხვებს კვლავ თავი აარიდა.

"მაცადეთ ახლა, გამიშვით. რატომ უნდა გითხრათ ქუჩაში ჩემი გეგმების შესახებ. დავალაგებ და გეტყვით", - თქვა მაშინ ზურაბიშვილმა.

ამის შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში, პრეზიდენტობის კანდიდატი მხოლოდ Facebook-პოსტებით შემოიფარგლებოდა. მან ჟურნალისტებთან კომენტარი 5 ნოემბერს გააკეთა და კითხვაზე, რატომ არ ჩანს საარჩევნო კამპანიის დროს, აღნიშნა - "არ ვჩანვარ?! როგორ არ ვჩანვარ?! აქეთ, იქეთ, ვჩანვარ. საარჩევნო კამპანიაში ვარ ჩართული და დაგეგმარებაში ჩემი გამარჯვების. შედეგებს ნახავთ."

მედიის კითხვებს თავი სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ 15 ნოემბერს აარიდა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო ბანერები ქართული ოცნების ლიდერების ფოტოებით ჩაანაცვლეს. მან შესაბამის კითხვაზე პასუხზე უარი თქვა და აღნიშნა, რომ "ამის ადგილი არ არის".

"სულ სხვა რამისთვის მოვედი. აქ ვარ ადამიანი დღეს, დღეს ვარ მოსული როგორც ადამიანი, როგორც ქალი, როგორც დედა,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დამწვრობის ცენტრში, სადაც ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულების მოსანახულებლად მივიდა.

არჩევნების მეორე ტური ხვალ, 28 ნოემბერს გაიმართება. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის პოსტისთვის ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იბრძოლებენ.

კომენტარები