უკრაინა

პოროშენკო რადას მოუწოდებს საომარი მდგომარეობა 2019 წლის 25 იანვრამდე გამოაცხადოს

პეტრო პოროშენკო
Unian

უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო პარლამენტს მოუწოდებს 2019 წლის 25 იანვრამდე ქვეყანაში სამხედრო-საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს.

პოროშენკოს მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ნათქვამია:

"უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით უკრაინის სახელმწიფოს სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის დასაცავად საგანგებო ზომები მიღების სახით საომარი მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს."

იმისათვის, რომ ბრძანება სისრულეში მოვიდეს, ის უკრაინის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო.

კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს.

მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერი "ბერდიანსკსა" და "ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა. ხომალდები ქერჩის პორტში გადაიყვანეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების Facebook გვერდზე წერია.

"სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით უკრაინის უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა - უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსალდალმა გასცა ბრძანება უკრაინის შეიარაღებული ძალების სრულ სამხედრო მზადყოფნაში მოყვანის შესახებ." წერია განცხადებაში.

უკრაინის პარლამენტი დღეს ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის წინადადებას განიხილავს.

პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომისას დაუჭირა. სხდომა გვიან ღამით გაიმართა, პოროშენკომ მისი გადაწყვეტილების შესახებ 26 ნოემბერს, გამთენიისას განაცხადა.

უკრაინული წყაროების ცნობით, ვერხოვნა რადა კიევის დროით 16:00 საათზე შეიკრიბება.

საგანგებო შეხვედრას გამართავს გაეროს უშიშროების საბჭოც.

 

კომენტარები