უკრაინა-რუსეთი

უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია [Video]

უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების Facebook გვერდზე წერია.

"სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით უკრაინის უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა - უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსალდალმა გასცა ბრძანება უკრაინის შეიარაღებული ძალების სრულ სამხედრო მზადყოფნაში მოყვანის შესახებ." წერია განცხადებაში.

უკრაინის პარლამენტი დღეს ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის წინადადებას განიხილავს.

პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომისას დაუჭირა. სხდომა გვიან ღამით გაიმართა, პოროშენკომ მისი გადაწყვეტილების შესახებ 26 ნოემბერს, გამთენიისას განაცხადა.

უკრაინული წყაროების ცნობით, ვერხოვნა რადა კიევის დროით 16:00 საათზე შეიკრიბება.

საგანგებო შეხვედრას გამართავს გაეროს უშიშროების საბჭოც.

შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო.

კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს.


ფოტო: Reuters

მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერი "ბერდიანსკსა" და "ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა. ხომალდები ქერჩის პორტში გადაიყვანეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრეგორი კარასინმა "რია ნოვოსტისთან" მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტი კიევის პროვოკაციაა.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც სავარაუდოდ ასახულია რუსული და უკრაინული ხომალდების დაჯახება. ვიდეო შეიცავს უცენზურო სიტყვებს:

კიევში რუსეთის საელჩოს წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. დაწვეს საელჩოს ერთი მანქანა.

უკრაინამ რუსეთი აზოვის ზღვაზე სრული კონტროლის გავრცელების მცდელობაში და უკრაინულ პორტებში გემების არ შეშვებაში აგვისტოში დაადანაშაულა.


ფოტო: BBC

კომენტარები