უკრაინა-რუსეთი

უკრაინის პარლამენტი დღეს სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას განიხილავს

Twitter

უკრაინის პარლამენტი დღეს ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის წინადადებას განიხილავს.

პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომისას დაუჭირა. სხდომა გვიან ღამით გაიმართა, პოროშენკომ მისი გადაწყვეტილების შესახებ 26 ნოემბერს, გამთენიისას განაცხადა.

უკრაინული წყაროების ცნობით, ვერხოვნა რადა კიევის დროით 16:00 საათზე შეიკრიბება.

საგანგებო შეხვედრას გამართავს გაეროს უშიშროების საბჭოც.

შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო.

კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს.

მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერი "ბერდიანსკსა" და "ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა.

გავრცელებული ინფორმაციით, კიევში რუსეთის საელჩოს წინ 150-მდე ადამიანმა აქცია გამართა. დაიწვა სულ მცირე ერთი მანქანა.


ფოტო: Reuters

უკრაინამ რუსეთი აზოვის ზღვაზე სრული კონტროლის გავრცელების მცდელობაში და უკრაინულ პორტებში გემების არ შეშვებაში აგვისტოში დაადანაშაულა.

კომენტარები