არჩევნები 2018

შსს: არჩევნებთან დაკავშირებულ დანაშაულებრივ ქმედებებზე 21 პირია პასუხისგებაში მიცემული

წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებზე შსს-ს მხრიდან რეაგირების შესახებ უწყებაში ბრიფინგი გაიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის თქმით, მედიაში და ცალკეული პირების მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ არჩევნებთან დაკავშირებულ დანაშაულებრივ ფაქტებზე შსს-ს და პოლიციის მხრიდან არ ხორციელდება სათანადო რეაგირება, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. მისივე ინფორმაციით, არჩევნებთან დაკავშირებული დანაშაულების გამო, 21 პირი არის პასუხისგებაში მიცემული. 

"წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი მესიჯები ხელს უწყობს დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრებას და ამასთან ახალისებს ძალადობას. იმ ფონზე სწორედ, როდესაც პოლიციის აქტიური მოქმედებების შედეგად, როგორც არჩევნების დღეს, ისე შემდგომ პერიოდში, ფიზიკური დაპირისპირების არაერთი ფაქტი იქნა თავიდან არიდებული და იმ ფონზე, როდესაც დღეის მდგომარეობით სამართალდამცავთა მუშაობის შედეგად 21 პირი არის პასუხისგებაში მიცემული, სწორედ არჩევნებთან დაკავშირებულ დანაშაულებრივ ქმედებებზე.  ბრალდებულთა შორის არიან როგორც ოპოზიციური პარტიების, ისე მმართველის პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები. კონკრეტული პირები არიან ბრალდებულები ადიგენში, თიანეთში, ქუთაისის საკრებულოში, ახალქალაქში და ონში მომხდარი ძალადობის ფაქტებზე." - თქვა მეზვრიშვილმა. 

შს მინისტრის მოადგილის ინფორმაციითვე, მიმდინარე კვირაში გავრცელებული ინფორმაციების გადასამოწმებლად 231 მოწმე არის დაკითხული. 

"მიმდინარე კვირას მედიასაშუალებებით და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციების გადასამოწმებლად უპრეცედენტო რაოდენობის 231 მოწმე გამოიკითხა ბოლო 48 საათის განმავლობაში. გამოკითხული იქნენ მათ შორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, საჯარო სკოლების დირექტორები და პედაგოგები, საბავშვო ბაღების აღმზრდელები, საუბრო საარჩევნო კომისიის წევრები, ადგილობრივი მოსახლეობა, მათ შორის პენსიონერი და სოციალურად დაუცველი პირები. შედეგად, გამოკითხულ პირთა მიერ ფაქტების მნიშვნელოვანი ნაწილი არ დადასტურდა, მათ შორის არ დადასტურდა ვინმეს მხრიდან დანაშაულის ჩადენა ოზურგეთში გრიგოლ ვაშაძის პლაკატის გაკვრის დროს. ასევე, არ დადასტურდა ვალეს და სიღნაღის საბავშვო ბაღებში და სკოლებში დასაქმებულების მიმართ ზეწოლა ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ ხმის მისაცემად. დადასტურებულ ფაქტებზე დაიწყება გამოძიება, ხოლო ნაწილის შესწავლა გრძელდება." - ამბობს მეზვრიშვილი.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები