არჩევნები 2018

ცესკო: ნიკა მელია და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ცრუობენ

ცენტრალური საარჩევნო კომისია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას უსაფუძვლო ბრალდებების გავრცელებასა და სიცრუეში ადანაშაულებს.

მათი განცხადებით, სიცრუეა, რომ ცესკო ხელოვნურად აყოვნებს ამომრჩეველთა ერთიანი სიის გასაჯაროების პროცესს. ასევე ის, რომ თელავში სია ხელოვნურად და დიდი მასშტაბით გაიზარდა.

"აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის განახლების მიზნით, შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა ცესკოს მონაცემები გადმოსცეს მიმდინარე წლის 12 ნოემბერს, იმ დღის მდგომარეობით.

ცხადია, ამომრჩეველთა სიის მოცულობიდან გამომდინარე, გარკვეული პერიოდი იყო საჭირო მონაცემების დასამუშავებლად. ამ დროისთვის აღნიშნული პროცესი უკვე დასრულებულია და ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია ხელმისაწვდომია უფლებამოსილი პირებისთვის," - აღნიშნეს მათ განცხადებაში.

ცესკოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წერილობითი მოთხოვნა ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადაცემასთან დაკავშირებით 20 ნოემბერს შევიდა და დარეგისტრირდა.

"ნაცვლად კანონით დადგენილი ორდღიანი ვადისა, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე ამომრჩეველთა ერთიანი სიის ელექტრონული ვერსია გაიცა ერთ დღეში, 21 ნოემბერს,"- ნათქვამია განცხადებაში.

"გარდა ამისა, ნიკანორ მელიამ განაცხადა, რომ თელავში, „ერთ პატარა ქალაქში“ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურთან შედარებით, ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა 1019 ამომრჩევლით, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს. აღსანიშნავია, რომ თელავის საარჩევნო ოლქში მიმდინარე წლის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ამომრჩეველთა რაოდენობა გაზრდილია მხოლოდ 134-ით," - აცხადებენ ცესკოში.

ცესკოში ამბობენ, რომ სია კანონმდებლობის შესაბამისად განახლდა.

"შესაბამისად, მივმართავთ არჩევნებში მონაწილე მხარეებს, თავი შეიკავონ იმგვარი დაუსაბუთებელი განცხადებებისგან, რომელიც აზიანებს საარჩევნო პროცესს“, – აცხადებენ ცესკო-ში.

კომენტარები