ვაქცინაცია

როგორ შეიქმნა მსოფლიოში პირველი ვაქცინა?

ედვარდ ჯენერის ცნობილი ექსპერიმენტის ნახატი

ედუარდ ჯენერი მეთვრამეტე საუკუნის ინგლისელი ექიმი იყო, რომელმაც ყვავილის აცრა, მსოფლიოში პირველი ვაქცინა შექმნა. 1979 წლამდე ყვავილი კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და დამანგრეველი ჭირი იყო.

ყვავილი პირველად ძველი წელთაღრიცხვით 10 000 წელს, აფრიკის ჩრდილოაღმოსავლეთის აგრიკულუტურულ დასახლებებში გავრცელდა. ყვავილით დაზიანებული კანის ყველაზე ძველი მტკიცებულებები მეთვრამეტე და მეოცე ეგვიპტური დინასტიების მუმიებზეა აღმოჩენილი (ძვ.წ. 1570-1085). ამ დაავადების მტკიცებულებები აღმოჩენილია ფარაონ რამზეს V-ის მუმიფიცირებულ თავზე (ძვ.წ. 1156). ამ დროისთვის ეს მომაკვდინებელი ვირუსული ინფექცია მძვინვარებდა ჩინეთში (ძვ.წ 1122) და აღწერილია ინდოეთის სანსკრიტის ტექსტებში. ყვავილი ევროპაში V-VII საუკუნეებში გავრცელდა და შუა საუკუნეებში ეპიდემიის ხშირი მიზეზი იყო. 

მეოცე საუკუნის განმავლობაში ამ დაავადებამ დაახლოებით 300-500 მილიონი ადამიანი მოკლა.

18-ე საუკუნის ინგლისში ყვავილს "წინწკლებიან ურჩხულს" ეძახდნენ, რადგან ის ადამიანის სხეულზე მტკივნეულ ჩირქგროვებს ტოვებდა, რომელიც შემდეგ მრავლობით ნაიარევებად ყალიბდებოდა. თუ ვირუსული ინფექცია საკმარისად ძლიერი იყო, პაციენტის იმუნური სისტემა ინგრეოდა და ადამიანი კვდებოდა. ყვავილის სიკვდილიანობის სიხშირე 20-დან 60%-მდე იყო, ისინი ვინც საკმარისად იღბლიანი იყო, რომ გადარჩენილიყო, სიცოცხლის ბოლომდე უსინათლოებად რჩებოდნენ. ახალშობილებში სიკვდილიანობა 80%-ს უტოლდებოდა.

რვა წლის ასაკში ედუარდ ჯენერს ყვავილის ვარიოლაცია ჩაუტარდა (მეთოდი, რომელსაც ჯენერის აღმოჩენამდე იყენებდნენ - ყვავილის აცრა ერთი ადამიანიდან მეორეზე, რომელიც ხშირად ინფექციის ახალ კერებს აჩენს). 14 წლის ასაკში ის დევონის საგრაფოს ქირურგს შეგირდად მიებარა. 1770 წელს მან ლონდონში წმინდა ჯორჯის საავადმყოფოში დაიწყო სწავლა. ჯენერს მრავალმხრივი ინტერესები ჰქონდა, ის სწავლობდა გეოლოგიას, ატარებდა ექსპერიმენტებს ადამიანის სისხლზე, ქმნიდა წყალბადის ბუშტებს, ატარებდა ექსპერიმენტებს ფრინველებზე. 

1796 წლის მაისში მისი ყურადღება ყვავილმა მიიპყრო. ჯენერს წლების განმავლობაში ესმოდა ისტორიები, რომ მერძევეები იმუნურები იყვნენ ყვავილის მიმართ, რადგან მათ ბავშვობაში უკვე გადატანილი ჰქონდათ ძროხის ყვავილი - მსუბუქი დაავადება, რომელიც ჰგავს ყვავილს.

ჯენერმა იპოვა ახალგაზრდა მერძევე ქალი, სახელად სარა ნელმი, რომელსაც ძროხის ყვავილით დაავადდა ძროხა "ბლოსომისგან", რომლის ტყავი დღემდე ინახება წმინდა ჯორჯის ჰოსპიტალში. სარა ნელმის ერთ-ერთი პუსტულიდან აღებული ჩირქით ჯენერმა თავისი მებაღის შვილი, 8 წლის ბიჭი, ჯეიმს ფიპსი აცრა. მას განუვითარდა მსუბუქი სიცხე, მაგრამ არა ინფექციის სრული ფორმა. ორი თვის შემდეგ ჯენერმა შეუყვანა ბიჭს ნამდვილი ყვავილის ვირუსი, მაგრამ მას დაავადება არ განუვითარდა. ჯენერმა დაასკვნა, რომ ექსპერიმენტი წარმატებული იყო და ახალ პროცედურას ვაქცინაცია დაარქვა. (ლათინური სიტყვის wordvacca-დან, რომელიც ძროხას ნიშნავს.)

ჯენერის აღმოჩენის წარმატების ამბავი ევროპაში მალე გავრცელდა. ნაპოლეონმა, რომელიც იმ პერიოდში ბრიტანეთს ეომებოდა, აცრა ყველა თავისი ჯარისკაცი, ინგლისელი ექიმი მედალით დააჯილდოვა და მისი თხოვნით ორი ტყვეც კი გაათავისუფლა. ნაპოლეონმა თქვა, რომ ის უარს ვერ ეტყოდა კაცობრიობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კეთილმყოფელს. 

ჯენერს ამ გამოგონებით გამდიდრება არ უცდია. მან ააშენა პატარა ერთოთახიანი ქოხი, რომელშიც ღარიბებს უფასოდ უტარებდა ვაქცინაციას. მოგვიანებით ის მეფე ჯორჯ V-ის ექიმი გახდა, შემდეგ კი  გლოსტერშირის ქალაქის, ბერკლის მერად დანიშნეს. ედუარდ ჯენერი 1823 წლის 26 იანვარს, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

1979 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ყვავილი სრულად აღმოფხვრილს დაავადებად გამოაცხადა. 

ყვავილის ვაქცინამ საფუძველი ჩაუყარა სხვა აღმოჩენებს იმუნოლოგიაში და შესაძლებელი გახადა ისეთ დაავადებებთან ბრძოლა, როგორებიცაა წითელა, გრიპი, ტუბერკულოზი, დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა, ჰეპატიტი A და B, პოლიომიელიტი, ყვითელი ცხელება და ასე შემდეგ. ჯენერის შრომამ გადაარჩინა აურაცხელი ადამიანის სიცოცხლე იმ დაავადებებისგან, რომლებიც კაცობრიობას ათასწლეულობის განმავლობაში ტანჯავდა. 

კომენტარები