საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, უწყებაში დაწყებული გამოძიების ფარგლებში ხვალ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები გამოიკითხებიან
"გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები -"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, საია-ს აღმასარულებელი დირექტორი ირმა პავლიაშვილი და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე",- აცხადებენ პროკურატურაში.
ასევე ხვალ, საგამოძიებო უწყებაში უნდა გამოცხადდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და ამავე სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ბეჟან ობგაიძე.
სამი ორგანიზაციის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სამართლიანი არჩევნების და საერთაშორისო გამჭვირვალობის ცნობით, არჩევნების მეორე ტურის გაყალბებისთვის ყალბი პირადობის მოწმობები მზადდება. ინფორმაცია, რომ გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ყალბი პირადობის მოწმობების დამზადდა, ორგანიზაციებს ამავე სააგენტოს თანამშრომელმა მიაწოდა.
ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თანამშრომლის თქმით, ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ.
სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ყალბ პირადობის მოწმობებზე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას "გაუგონარ ბრალდებას" უწოდებს.
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე დაიწყო.
"სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის, ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად, შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება",- აცხადებენ პროკურატურაში.





