უმუშევრობა

საქართველოში უმუშევრობის დონე მცირედით გაიზარდა

gcn.com

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით 0.1%-ით გაიზარდა და 12.2% შეადგინა.


ფოტო: საქსტატი
გარდა ამისა, საქსტატის ცნობით, 2018 წლის III კვარტალში შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის 64.3% ეკონომიკურად აქტიურია. წინა კვარტალთან შედარებით მოსახლეობის აქტიურობის და დასაქმების დონე გაზრდილია 0.3%-თ. ამასთან, ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა კვარტალთან შედარებით შემცირებულია 0.3%-თ, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია 0.9%-თ. აქტიურობის დონე კი წინა კვარტალთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.2%-თ, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1.0%-თ არის გაზრდილი.


ფოტო: საქსტატი
მცირედით, 0.1%-ით გაიზარდა თვითდასაქმებულთა რიცხვიც და 2018 წლის III კვარტალში 48.8% შეადგინა.


ფოტო: საქსტატი
საქსტატის მონაცემებით, უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში - 2018 წლის III კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით უმუშევრობის დონე სასოფლო დასახლებებში 0.1%-თ, ხოლო საქალაქო დასახლებებში - 0.2%-თ გაიზარდა.


ფოტო: საქსტატი
გარდა ამისა, სტატისტიკის მიხედვით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2018 წლის III კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 1.7%-თ აღემატებოდა ქალების შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით ქალებში გაიზარდა 0.9%-თ, კაცებში კი შემცირდა 0.7%-თ.


ფოტო: საქსტატი
თუმცა, ამავე მონაცემებით, აქტიურობის დონე მნიშვნელოვნად მაღალია კაცებში. 2018 წლის III კვარტალში აქტიურობის დონე ქალებში - 56.1%-ს, ხოლო კაცებში - 73.9%-ს შეადგენდა. წინა კვარტალთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია როგორც ქალებში, ისე კაცებში - 0.4 და 0.2%-თ.


ფოტო: საქსტატი
2018 წლის III კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით დასაქმების დონე ქალებში 0.2%-თ შემცირდა, ხოლო კაცებში აღნიშნული მაჩვენებელი გაიზარდა 0.7%-თ.


ფოტო: საქსტატი

კომენტარები