ლაშა ნაცვლიშვილი

ლაშა ნაცვლიშვილი მანქანას არაფხიზელი, დიდი სიჩქარით მართავდა, პატრულს გაშვება უბრძანეს

რუსთავი 2

ქართული ოცნების პიარის ხელმძღვანელი და ყოფილი მთავარი პროკურორი, ლაშა ნაცვლიშვილი მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. 

ამის ამსახველი კადრები რუსთავი 2-მა გაავრცელა. 

ტელეკომანიის ცნობით, ჩანაწერი 2017 წლის ივლისში ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზეა გაკეთებული. პატრულის საუბრიდან ჩანს, რომ პოლიცია დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ლაშა ნაცვლიშვილის გაჩერებას, რომელმაც საავარიო სიტუაცია რამდენჯერმე შექმნა. 

"გადაჭარბებული სიჩქარე, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის არდამორჩილება, ავარიული ვითარების შექმნა, მანევრირების წესების დარღვევა, ალკოტესტზე შემოწმების თავის არიდება და ბოლოს გაშვება", - უთხრა რუსთავი 2-ს წყარომ, რომელმაც არხს მასალა მიაწოდა და რომელიც თავადაც პოლიციის მოქმედი ან ყოფილი თანამშრომელია. 

მიუხედავად ამ დარღვევებისა, რ2-ის ცნობით, პატრულს ნაცვლიშვილის გაშვების ბრძანება მიუვიდა. 

ფაქტს, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანას მართავდა და მოძრაობის წესები დაარღვია, თავად ლაშა ნაცვლიშვილიც ადასტურებს. 

მან სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ ფეისბუქზე დაწერა: 

  1. "ფაქტია, რომ საჭესთან ზომაზე მეტად ნასვამი ვიჯექი, კანონი დავარღვიე და ამის გამო გულწრფელად ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას, ვინც კადრები იხილა. პირველ რიგში, ჩემს ოჯახს - ნამდვილად არ იყო სასიამოვნო საყურებელი.
  2. წინააღმდეგობა პოლიციისთვის არ გამიწევია, ღმერთმა დამიფაროს, ასეთი რამ არასდროს მიკადრია, არააა ეს ჩემთვის ჩვეული! უფრო მეტიც, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა შინ მიმაცილა და ყველაფერი მშვიდობით დასრულდა.
  3. გვარამიას და მის უფროსს, სააკაშვილს მინდა მივმართო: ყველასთვის ცნობილია, რომ ორივე დიპლომირებული, მოქმედი და კარიერული ნარკომანი ხართ. ძალიან კი ცდილობთ თქვენს რიგში დამაყენოთ, მაგრამ არ გამოგდით. ქართული სუფრისადმი ჩემი სიყვარულის მოდელირება ძნელიც არის და შეუძლებელიც", - წერს ნაცვლიშვილი. 

კომენტარები