არჩევნები 2018

გახარია: სამეგრელოში ვარ იმ ყურადღების კომპენსირებისთვის, რომელიც რეგიონს აკლდა

შსს

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც 2 კვირაზე მეტია, სამეგრელოში იმყოფება, ამბობს, რომ იქ იმ ყურადღების კომპენსირებისთვის ჩავიდა, რომელიც რეგიონს აკლდა და არა წინასაარჩევნოდ. 

"სამეგრელოში უფრო ხშირად უნდა ვიყო და ამის საშუალება უნდა მქონდეს. უფრო მეტსაც გეტვით, სამეგრელოში მთავრობის სხვა წევრებიც უფრო ხშირად უნდა იყვნენ. ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს, სამეგრელო არის უმნიშვნელოვანესი კუთხე და რეგიონი და პირველ რიგში, მის მნიშვნელობას საოკუპაციო ხაზი განაპირობებს, რომელიც სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ამ კონტექსტიდან გამომდინარე, არჩევნებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ამ არჩევნების უსაფრთხოებაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ის, რომ ეს არჩევნები მშვიდ, ღია და დემოკრატიულ ვითარებაში უნდა ჩატარდეს, ესეც 
განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და სხვა რეგიონებთან შედარებით შეიძლება ოდნავ უფრო ხშირად მიწევს აქ ყოფნა.

აქ ვარ, რომ მოვახდინოთ იმ ყურადღების კომპენსირება, რაც ამ რეგიონს დააკლდა, არა წინასაარჩევნოდ. 

გპირდებით, არჩევნებს რომ დავასრულებთ, კიდევ უფრო ხშირად ვიქნები ხოლმე აქ. ახლა რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრებს. დღეს სრულიად შემთხვევით მოვხვდი იმ შეხვედრაზე, რომელსაც თქვენ გულისხმობთ - მონადირეებთან შეხვედრაზე და ძალიან კმაყოფილი ვარ. ამ ტურბულენტურ ისტერიულ გარემოში ვნახე მშვიდი, წყნარი ადამიანები, რომლებსაც თავისი პროფესიული საქმიანობის გარდა მშვენიერი ჰობი გააჩნიათ. ისინი საკმაოდ კარგად არიან ორგანიზებულები, აღწევენ თავიანთ მიზნებს. ეს ყველაფერი იყო ძალიან მომხიბვლელი, სასიამოვნო“,-
თქვა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან. 

სამეგრელოში ყოფნის ორი კვირის მანძილზე გახარია ასევე შეხვდა რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებს და მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე მცირე მეწარმეებს - ფერმერებს, თხილის ქარხნის თანამშრომლებს, პედაგოგებს. 

"ძალა ერთობაშიას" წარმომადგენლები ამბობენ, რომ გახარიას სამეგრელოში ყოფნის მიზანი რეალურად იქ ტოტალური კონტროლის დამყარებაა. როგორც "რადიო თავისუფლებას" გრიგოლ ვაშაძის ზუგდიდის შტაბის უფროსმა, ანა წითლიძემ უთხრა, სამეგრელოში სალომე ზურაბიშვილის შტაბს პირადად მინისტრი კურირებს და მისი უფროსი მხოლოდ ფორმალურად არის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია.

„ფერმერებს, თხილის ქარხნის თანამშრომლებს, პედაგოგებს, ყველა ამ სფეროს წარმომადგენლებს პირადად ხვდება გახარია და მათ უშუალოდ თვითონ ეუბნება, რომ ხმა უნდა მისცენ ზურაბიშვილს“, - უთხრა "რადიო თავისუფლებას" ანა წითლიძემ.

კომენტარები