ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარია ცესკოს მოუწოდებს, არ ჩანიშნოს არჩევნები 28 ნოემბერს, ოთხშაბათ დღეს და კანონით იხელმძღვანელოს, ვინაიდან საპრეზიდენტო არჩევნები მხოლოდ და მხოლოდ კვირა დღეს უნდა იმართებოდეს.
"როგორი ზეწოლის ქვეშაც არ უნდა იყოს ცესკო, მე მათ მოვუწოდებ, არ მოექცნენ ქართული ოცნების და პარტიული ინტერესის გავლენის ქვეშ და იხელმძღვანელონ მხოლოდ კანონით.
კანონში არსებობს 2 მოთხოვნა.
1 მოთხოვნაა, საარჩევნო კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება კვირა დღეს. ეს არის ძალიან ნათელი, მკაფიო ჩანაწერი კანონში და საპრეზიდენტო არჩევნები არის როგორც პირველი, ისე მეორე ტური.
მეორე მოთხოვნა არის ის, რომ არჩევნები უნდა ჩაინიშნოს არჩევნების პირველი ტურის შეჯამებიდან 2 კვირაში. შესაძლებლობა იყო 11 ნოემბერს, რომ არჩევნები დანიშნულიყო 25 ნოემბერს, კვირა დღეს. შემდგომი ერთადერთი კანონიერი შესაძლებლობა არის, შეჯამდეს 17 ნოემბერს და არჩევნები ჩაინიშნოს 2 დეკემბერს.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ცესკოს, არ მოექცეს გავლენების ქვეშ და იხელმძღვანელოს კანონით. ხელისუფლებები იცვლებიან, შეიცვლებიან, მაგრამ ცესკო ვალდებულია, იხელმძღვანელოს კანონით", - თქვა ელენე ხოშტარიამ.
ამ ეტაპზე უცნობია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვის თარიღი. ცესკოს მეორე ტურის თარიღზე დღეს 13:00 საათზე უნდა ემსჯელა, თუმცა სხდომა 19:00 საათამდე გადაიდო.
დღის წესრიგის თანახმად, სხდომაზე პირველი ტურის შედეგების შეჯამების საკითხები. ასევე, განკარგულებას, 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ.
ცესკი დღეს სულ ცხრა საკითხს განიხილავს, მათ შორის, განკარგულებებს, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის დამტკიცების თაობაზე და მეორე ტურის ბიულეტენების ტექსტების დადგენის შესახებ.
არჩევნების მეორე ტური ქართული ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს და "ძალა ერთობაშია" კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს შორის გაიმართება. მეორე ტური მაქსიმუმ 2 დეკემბერს უნდა ჩატარდეს, თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ცესკო-მ არჩევნები 28 ნოემბერს, ოთხშაბათ დღეს დანიშნოს. თუ მეორე ტური 28 ნოემბერს დაინიშნა, ეს დღე საქართველოში უქმედ გამოცხადდება, თუმცა, არჩევნებში მონაწილეობა გაუჭირდებათ რეგიონებში რეგისტრირებულ (და თბილისში მცხოვრებ), ასევე, უცხოეთში მყოფ ამომრჩეველს. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება უკვე გაავრცელეს და ცესკოს მოუწოდეს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არასამუშაო დღეს დანიშნოს. სადამკვირვებლო ორგანიზაციების განცხადებაში წერია, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, რიგი საქართველოს მოქალაქეებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლების რეალიზება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.





