არჩევნები 2018

ცესკო-ში ჩანიშნული სხდომა გადაიდო, II ტურის საკითხებზე 19:00-ზე იმსჯელებენ

ცესკო
ცესკო

ცენტრალური კომისიის სხდომა, რომელიც 13:00-ზე უნდა დაწყებულიყო, გადაიდო. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებულ საკითხებზე 19:00-ზე იმსჯელებენ.

დღის წესრიგის თანახმად, სხდომაზე განიხილავენ პირველი ტურის შედეგების შეჯამების საკითხს. ასევე, განკარგულებას, 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ.

სხდომის კიდევ ერთი საკითხია, დადგენილება მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე.

ცესკი დღეს სულ ცხრა საკითხს განიხილავს, მათ შორის, განკარგულებებს, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის დამტკიცების თაობაზე და მეორე ტურის ბიულეტენების ტექსტების დადგენის შესახებ.

არჩევნების მეორე ტური ქართული ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს და "ძალა ერთობაშია" კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს შორის გაიმართება. მეორე ტური მაქსიმუმ 2 დეკემბერს უნდა ჩატარდეს, თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ცესკო-მ არჩევნები 28 ნოემბერს, ოთხშაბათ დღეს დანიშნოს. თუ მეორე ტური 28 ნოემბერს დაინიშნა, ეს დღე საქართველოში უქმედ გამოცხადდება, თუმცა, არჩევნებში მონაწილეობა გაუჭირდებათ რეგიონებში რეგისტრირებულ (და თბილისში მცხოვრებ), ასევე, უცხოეთში მყოფ ამომრჩეველს. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება უკვე გაავრცელეს და ცესკოს მოუწოდეს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არასამუშაო დღეს დანიშნოს. სადამკვირვებლო ორგანიზაციების განცხადებაში წერია, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, რიგი საქართველოს მოქალაქეებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლების რეალიზება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

კომენტარები