შშმ პირები

პრემიერთან შშმ პირთა პრობლემები განიხილეს, შმმ ბავშვების მშობლები არ მიუწვევიათ

მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 75 000-ზე მეტი პირი (II ჯგუფი) 2019 წლის პირველი იანვრიდან გაზრდილ სოციალურ პაკეტს მიიღებს. 2019 წლის პირველი იანვრიდან პაკეტი 20 ლარით გაიზრდება, - ეს გადაწყვეტილება დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულ ჯგუფთან შეხვედრაზე გაახმოვანა.

„ეს ეხება 75 000-ზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს და რა თქმა უნდა, მათი საჭიროება უნდა გავითვალისწინოთ. ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებს ექნებათ დავალება, რომ აუცილებლად მოვიძიოთ ეს რესურსი მომავალი წლის ბიუჯეტში", - თქვა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, 2019 წლის პირველი იანვრიდან II ჯგუფის შშმ პირების სოციალური პაკეტი 20 ლარით გაიზრდება და ისინი 100-ის ნაცვლად 120 ლარს მიიღებენ.

ბახტაძის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად იმსჯელეს შშმ პირთა სათემო მომსახურების პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერაზე.

თუმცა, 

კოალიცია "მოძრაობა ცვლილებებისთვის", რომელიც შშმ პირთა მშობლებს და ამ საკითხებზე მომუშავე ადამიანებს აერთიანებს, შეხვედრაზე მიწვეული არ ყოფილა. შესაბამისად, ორგანიზაციებმა ვერ მოახერხეს კონკრეტული კითხვების დასმა.

"გარდა პენსიისა, საოჯახო ტიპის სახლების და აუტიზმის მქონე მოზარდების დაფინანსებისა, კიდევ რამდენიმე საკითხი გვქონდა, რატომ არ მოგვეცით შესაძლებლობა, რომ ეს საკითხები პრემიერთან განგვეხილა?!

ბატონო მამუკა ბახტაძე, ეს არის ჩვენი უფლების შეზღუდვა, რომ ვიყოთ ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში!

ვინც მთავრობის მეხოტბეა, მხოლოდ მათ იყენებენ გვერდში და ვინც ვაკრიტიკებთ, მტრებად აღგვიქვამენ და ახლოს არ გვიკარებენ,"- წერს აუტიზმის ფონდის "კამპუსის" დამფუძნებელი, მარი კორკოტაძე.


"სად ვართ ჩვენ? რა პასუხი გვაქვს ჩვენ? კოალიცია მოძრაობა ცვლილებებისთვის, ვცდილობთ სწორ, ღია და თანამშრომლობაზე აგებული ურთერთობა გვქონდეს, რადგან ინკლუზიის ხელშეწყობას ძალიან სჭირდება ერთობლივი ძალისხმევა. სად ხართ მეორე მხარეს? გთხოვთ, მშობლებო, იქნებ რომელიმე იყავით იმ 15 ორგანიზაციიდან და ერთმანეთს ვერ გავაგებინეთ? ითქვა რამე საოჯახო სახლები ჩვენი შვილებისთვის, გადარჩება თუ არა თუ ისეც ციხეში გამომწყვდევა ემუქრებათ ჩვენს პატარა სიხარულებს?", - წერს მაია შიშნიაშვილი, ორგანიზაცია "ხელი ხელს" დამფუძნებელი, რომლის საოჯახი ტიპის სახლებიც ფინანსური პრობლემების და დახურვის საფრთხის წინაშე დგას

კომენტარები