ლარი დოლართან 1.32 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 0.32 თეთრით გამყარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.7383 ლარია, ევროსი - 3.1162 ლარი.
უცხოური ვალუტა უფრო ძვირი ღირს კომერციულ ბანკებსა და სავაჭრო პუნქტებში. 1 დოლარის შეძენა 2.75-2.78 ლარად შეგიძლიათ, 1 ევროსი კი - 3.15-3.18 ლარად.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა გაუფასურდა თურქულ ლირასთან და ბრიტანულ ფუნტთანაც.
ერთ თვეზე მეტია, ლარი თითქმის ყოველდღიურად უფასურდება დოლართან, ევროსთან და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებით. საქართველოს ეროვნული ვალუტა ამ პერიოდში არაერთხელ გაუფასურდა თურქულ ლირასთან მიმართებითაც, თუმცა, ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის მტკიცებით, "ყველა მთავარ სავაჭრო პარტნიორთან ლარი არის გამყარებული". ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას შეფასებით კი, "ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობა დღესდღეობით, არის ძალიან კარგი. ექსპორტი იზრდება ჩვენ ვთვლით, რომ ლარი აბსოლუტურად იქნება სტაბილური და კიდევ უფრო მეტ სტაბილურობას დაუბრუნდება უკვე წლის ბოლოსკენ, ვვარაუდობთ, რომ ეკონომიკა კიდევ უფრო გაძლიერდება".





