სამართლიანი არჩევნები

ISFED: გვატყობინებენ, რომ არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენი სახელით "კვლევას" ატარებენ

"სამართლიანი არჩევნების" განცხადებით, მოქალაქეებისგან ცნობები მიიღეს, რომ მათ ორგანიზაციის სახელით უცნობი პირები უკავშირდებიან და ეკითხებიან საპრეზიდენტო არჩევნებზე თუ ვის მისცეს ხმა ან ვისთვის აპირებენ ხმის მიცემას მეორე ტურში.

"როგორც ჩვენი გვერდის მომხმარებლები გვატყობინებენ, დაუდგენელი პირები მათ ტელეფონზე ''საერთაშორისო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების'' სახელით უკავშირდებიან, რათა ''ანონიმური კვლევის ფარგლებში'' გამოჰკითხონ ინფორმაცია კონკრეტული ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობისა და სავარაუდო არჩევანის შესახებ როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში.

გვინდა განვაცხადოთ, რომ მსგავსი ტიპის კვლევას ჩვენი ორგანიზაცია არ ახორციელებს. როგორც ჩანს, გარკვეული პირები ცდილობენ ბოროტად გამოიყენონ ჩვენი სახელი მათთვის საინტერესო ინფორმაციის მისაღებად. რეალურად მათ არაფერი აქვთ საერთო ''სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთან", - წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"სამართლიანი არჩევნები" მოსახლეობას მოუწოდებს ორგანიზაციას მიაწოდონ ინფორმაცია მსგავსი ფაქტების შემთხვევაში. 

კომენტარები