სამართლიანი არჩევნები

სამართლიანი არჩევნები: გამოვლინდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 6 ფაქტი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნების მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს 20 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით პერიოდს. სამართლიანი არჩევნების 73 გრძელვადიანი დამკვირვებელი წინასაარჩევნო კამპანიას საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდება. 
  
„საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვან ტენდენციას წარმოადგენდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები, კერძოდ, 7 შემთხვევა, რაც მმართველი გუნდის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში არაერთი პროექტის ინიცირებასა და ბიუჯეტის მოდიფიცირებაში გამოვლინდა. გარდა ამისა, ჩვენმა დამკვირვებლებმა გამოავლინეს არაუფლებამოსილი პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის 1 შემთხვევა, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 6 ფაქტი და წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის 1 ფაქტი“, - ამბობს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია.
 
ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის მაგალითებად ორგანიზაცია გამგებლების და მერობის კანდიდატთა მხრიდან, ქარელში დევნილთა ოჯახებისთვის და ომის ვეტერანებისთვის, ასევე, ბათუმში ბიბლიოთეკრებისთვის, ადიგენსა და ასპინძაში ვეტერანებისთვის,  ახმეტაში მოსახლეობისთვის მედიკამენტების, საჩუქრების და ფულადი თანხის დარიგებას ასახელებს. 
 
სამართლიანი არჩევნების კოორდინატორები 2014 წლის 20 აპრილიდან 11 მაისამდე 134 საჯარო შეხვედრას დაესწრნენ.  აღნიშნული შეხვედრებიდან კოალიცია ქართულმა ოცნებამ გამართა 45 შეხვედრა, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ - 24,  ნინო ბურჯანაძე-ერთიანმა ოპოზიციამ- 21; საქართველოს ლეიბორისტული პარტიამ - 6; მომავალმა საქართველომ - 2; საქართველოს გზამ- 23; საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა- 3; ხალხის პარტიამ- 2; არასაპარლამენტო ოპოზიციამ (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე) -  8.
 
ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, წინასაარჩევნო კამპანიისაც, ქსენოფობიური განცხადება გააკეთა ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა, სამართლიანი არჩევნების შეფასებით, ცალსახად მიუღებელია და აღნიშნული პარტიის მხრიდან შესაბამისი რეაგირების საგანი უნდა გახდეს. 
 
„საანგარიშო პერიოდში დისკუსიის საგანი გახდა საარჩევნო ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის რიგითი ნომრის მინიჭების საკითხი. ცესკომ 2014 წლის 13 მაისის განკარგულებით გადაწყვიტა პარტიისთვის რიგით ნომრად ხუთიანის მინიჭება, რაც ვფიქრობთ, რომ საარჩევნო ნორმების სწორი ინტერპრეტაციის შედეგია. - ამბობს სამართლიანი არჩევნების იურისტი ნინო ჯანაშია.
 
ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ პარტიების მიერ ამ დროისთვის დასახელებულ კანდიდატებს შორის, გენდერული ბალანსი უხეშადაა დარღვეული და ქალი კანდიდატები ძირითადად არ არიან წარმოდგენილნი.

კომენტარები