პატრიარქთან შეხვედრა

ვაშაძე: უწმინდესი დაინტერესდა, რა გეგმები გვაქვს, რომ დაინგრეს ერთპარტიული მახინჯი სისტემა

გრიგოლ ვაშაძე

ვისაუბრეთ იმ გამარჯვებაზე, რომელიც მთელმა საზოგადოებამ, ერმა და ბერმა მოიპოვა იმ ბოდვით კანონპროექტზე, რომელიც ე.წ ხელისუფელებას ჰქონდა და რომელიც საქართველოს ნარკოპლანტაციად გადაქცევას ითვალისწინებდა,- ამის შესახებ "ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ პატრიარქთან შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა.

მისი თქმით, საუბარი ასევე შეეხო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს.

"ვისაუბრეთ იმაზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უნდა ჩატარდეს მშვიდ, ცივილიზებულ დემოკრატიულ გარემოში, სადაც ადგილი არ ექნება სიტყვიერ შეურაცხყოფებს, ფიზიკურ დაპირისპირებას და არც ისეთ ამაზრზენ ინციდენტებს, რომელიც კასპში, მარნეულსა და ახალქალაქში მოხდა.",- ამბობს ვაშაძე. 

როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, პატრიარქი ოპოზიციის მომავალი გეგმებითაც დაინტერესდა.

"უწმინდესს ძალიან აინტერესებდა, რა გეგმები გვაქვს ჩვენ იმისათვის, რომ საქართველოში დაინგრეს ის მახინჯი სისტემა, რომელიც ამდენი წელია ბადებს ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას. ჩვენ დეტალურად ვესაუბრეთ ამ გეგმებზე და მისი თხოვნა და ვერდიქტი იყო, რომ საქართველოში ოპოზიცია აღარასოდეს არ უნდა იყოს განდევნის და დატერორების ობიექტი და აუცილებლად უნდა გადაიქცეს, როგოც ყველა დემოკრატიულ და ნორმალურ ქვეყანაშია, ხელისუფლების ნაწილად, რომელიც აკრიტიკებს, რჩევებს აძლევს და აკონტროლებს მას",- ამბობს ვაშაძე.

გრიგოლ ვაშაძემ პატრიარქს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა.

"შეხვედრა ჩვენი ინიციატივით შედგა. უღრმესი მადლობა უწმინდესს იმიტომ, რომ გუშინ საღამოს ვთხოვეთ შეხვედრა და თავისი გრაფიკის მიუხედავად გამონახა დრო",- აღნიშნა მან.

კომენტარები