ბიძინა ივანიშვილი

TI: ივანიშვილს 9 ოფშორული და 70-ზე მეტი საქართველოში რეგისტრირებული კომპანია უკავშირდება

Reuters

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორული კომპანიებისა და მათთან დაკავშირებული პირები​ს შესახებ მიმოხილვა გამოაქვეყნა. 

ორგანიზაცია წერს, რომ მმართველი პარტიის ლიდერთან, სულ მცირე, 9 ოფშორული კომპანია და 70-ზე მეტი საქართველოში რეგისტრირებული ორგანიზაციაა ამა თუ იმ ფორმით დაკავშირებული (საჯარო რეესტრის მონაცემებისა და სხვადასხვა ღია წყაროს თანახმად).

Ti მიუთითებს, რომ მართალია პოლიტიკოსის კავშირი კერძო სექტორის კომპანიებთან ყოველთვის კანონის დარღვევას არ წარმოადგენს, მაგრამ ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის სერიოზული პოტენციური წყაროა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ქვეყნის ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსს ეხება.

"წარმოდგენილ მიმოხილვაში მოყვანილი მაგალითები მიუთითებს, რომ:

  • ბიძინა ივანიშვილის გავლენა მთავრობაზე ქმნის საფრთხეს, რომ მასთან დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფოსგან უსამართლო (და შესაძლოა ასევე უკანონო) სარგებელსა თუ უპირატესობებს მიიღებენ
  • კვლევაში განხილული ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-კავშირები ​რისკებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მხრივაც წარმოშობს. ერთი წყაროდან მომავალი დიდი ფული, როგორც წესი, უარყოფითად აისახება პოლიტიკურ პარტიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ჩაყალიბებაზე

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ:

  • ბიძინა ივანიშვილმა, როგორც უკიდურესად გავლენიანმა პოლიტიკოსმა და მმართველი პარტიის ლიდერმა, უზრუნველყოს, რომ საზოგადოებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს სრული ინფორმაცია ბიზნესთან მისი კავშირების შესახებ
  • ხელისუფლებამ მიიღოს კანონი კომპანიების ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ამ საკითხთან დაკავშირებით, ყოფილმა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონის ანტიკორუფციულ სამიტზე 2016 წლის მაისში აიღო ვალდებულება, რომ საქართველო შეისწავლიდა კომპანიების ბენეფიციარი მფლობელების საჯარო რეესტრის შექმნის მიზანშეწონილობას
  • საჯარო სამსახურის ბიურომ სათანადო ყურადღება დაუთმოს ივანიშვილთან დაკავშირებული თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების გადამოწმებას, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ივანიშვილთან დაკავშირებული პირების მიერ განხორციელებული პოლიტიკური შემოწირულობები რეგულარულად  უნდა აკონტროლოს
  • შესაბამისმა საგამოძიებო უწყებებმა უფრო ეფექტურად უნდა მოახდინონ რეაგირება ანტიკორუფციული კანონმდებლობის უკვე გამოვლენილ დაღვევებზე (მაგ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის იური ნოზაძის შემთხვევაში).

ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ცხრავე ოფშორული კომპანიის წარმომადგენელი, რეესტრის დოკუმენტების თანახმად, კახა კობიაშვილია, რომელიც, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილის დისშვილია. „ქართული ოცნების” თავმჯდომარის კომპანიებთან დაკავშირებულ პირებს (ხელმძღვანელებს) 2012-18 წლებში ჯამში დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების შემოწირულობა აქვთ განხორციელებული მმართველი პარტიისთვის.

სრულად წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები