არჩევნები 2018

თალაკვაძე: ენზელ მკოიანს არანაირი იმუნიტეტი და უფლებამოსილება არ მოეხსნება

ipn

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ქართული იცნების დეპუტატს ენზელ მკოიანს იმუნიტეტი არ მოეხსნება. მისი თქმით, მკოიანზე "პერსონალური შეტევა" რამდენიმე დღეა გრძელდება.

"ოპოზიციას აქვს გაუგებარი მოთხოვნები, თითქოს მას იმუნიტეტი უნდა მოხსნას, ან უფლებამოსილება შეუწყდეს. მინდა პირდაპირ გიპასუხოთ: არანაირი იმუნიტეტის, არანაირი უფლებამოსილების  მოხსნა არ იქნება მასთან მიმართებაში.

ენზელ მკოიანი აგრძელებს ჩვენთან ერთად ბრძოლას და საქმიანობას ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ კიდევ უფრო კარგი შედეგები გვექნება მეორე ტურში სამცხე -ჯავახეთში. ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გაღიზიანება, მათი მხრიდან თავდასხმები გამოიწვია იმან, რომ ენზელ მკოიანმა და ჩვენმა გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“ სამცხე-ჯავახეთში ძალიან მაღალი შედეგები აჩვენა" - აცხადებს თალაკვაძე.

ახალქალაქში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრებს თავს 30 ოქტომბერს დაესხნენ და შტაბის სამი წევრს ხელკეტებით სცემეს. ოპოზიციის განცხადებით, "ოცნების დეპუტატი ენზელ მკოიანი მანქანიდან ხელმძღვანელობდა თავის ძმას, მარტიროს მკოიანს და ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს, რომლებმაც ხელკეტებით დაარბიეს ადგილობრივი ნაციონალური მოძრაობის ოფისი".

ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერის, ბუბა შალამბერიძის ინფორმაციით, დაშავებულები სტაციონარულ მომსახურებას აღარ საჭიროებენ და მკურნალობის გაგრძელება ექიმების რეკომენდაციის მიხედვით, ამბულატორიულადაა შესაძლებელი. შალამბერიძემ თქვა, რომ პაციენტების ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, ჩატარებული ინსტრუმენტული კვლევებითა და ნევროლოგიური გასინჯვით კი, რაიმე ტიპის გართულება არ აღინიშნება.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ახალქალაქში გრიგოლ ვაშაძის შტაბის დარბევასთან დაკავშირებით დაზარალებულები გამოძიებასთან არ თანამშრომლობდნენ და ბრალის წარდგენის პროცესი ამიტომ გაიწელა, თუმცა, "დღეს პროცესი დასრულდება, სტანდარტი შეიქმნება და ბრალი ორივე მხარეს წარედგინება". 

კომენტარები