არჩევნები 2018

ბოკერია: ამოცანაა, მეორე ტურში დემოკრატიულად დავამარცხოთ ივანიშვილის გუნდი

გიგა ბოკერიას თქმით, ეგზიტპოლების შედეგებით, მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძე გავა და ევროპული საქართველო მას მხარს დაუჭერს, მათ შორის არსებითი განსხვავებების მიუხედავად. ბოკერიას თქმით, მათ წინაშე ახლა უფრო დიდი ეროვნული ამოცანა დგას- ივანიშვილის გუნდის და მისი კანდიდატის გამარჯვების არდაშვება

"ქართული ოცნების კანდიდატის გამარჯვების არდაშვება, ამ ეტაპზე პირველ ტურში მაინც მინიმუმ. ეგზიტპოლები მიუთითებს, რომ ეს ამოცანა არის მიღწეული. მე მადლობას ვუხდი ყველა მოქალაქეს საერთოდ. ჩვენს მომხრეებს პირველ რიგში, ვინც მოვიდა არჩევნებზე და ვინც იმუშავა ამ შედეგში შეტანილი წვლილისთვის. მაგრამ ჯერ ადრეა რამე ზეიმზე ლაპარაკი ან რამით კმაყოფილება, მე არ ვსაუბრობ ჩვენს პერსონალურ შედეგზე, მე ვსაუბრობ ჩვენი საზოგადოების ამოცანაზე. ჩვენ ჯერ დასაცავი გვაქვს ის ხმები, რასაც ეგზიტპოლი ასახავს, მართალია არა ზუსტად, იმიტო რო ეგზიტპოლი არასდროს არ არის სუსტი, მაგრამ ეს ხმები რომ დავიცვათ იმ პირობებში, როცა ჩვენ ვიცით, ჩემი აზრით აბსოლუტურად უტიფარი განაცხადი მმართველი გუნდის, რომ პირველივე ტურში იმარჯვებენ. ეს გულისხმობს იმას, რომ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად კონცენტრირებულები და მშვიდად, ყოველგვარი ძალადობის გარეშე დავიცვათ ის ხმები, რაც მიიღო მთლიანად ოპოზიციამ. 

ჩვენ ვიბრძოდით გამარჯვებისთვის, მაგრამ ახლა გვაქვს ის სურათი, რაც გვაქვს. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ხმები, მთელი ოპოზიციის ხმები და საერთოდ ყველა მოქალაქის ხმა, არ აქვს მნიშვნელობა, ვის დაუჭირა მხარი. 

ამოცანაა, მეორე ტურში მარცხი ვაწვნიოთ დემოკრატიულად ივანიშვილის გუნდს და მის საზიანო და საშიშ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს. ეს არის ჩვენი ამოცანა და ამაზე ვიქნებით კონცენტრირებული დღეს ღამე. 

თუ ტარდება მეორე ტური, მეორე ტურში არის ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი და ჩვენ მას ვუჭერთ მხარს ჩვენ შორის არსებული არსებითი განსხვავებების მიუხედავად, იმიტომ რომ უფრო დიდი ეროვნული ამოცანა არის ივანიშვილის გუნდის გამარჯვების არდაშვება", - თქვა გიგა ბოკერიამ ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ. 

ეგზიტპოლი სამმა სხვადასხვა კომპანიამ ჩაატარა. Edison Research-მა რუსთავი 2-ის დაკვეთით, BCG-მ ევროპული საქართველოს დაკვეთით და ფსიქოპროექტმა ქართული ოცნების დაკვეთით. 

ქართული ოცნების დაკვეთილი კვლევის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იმარჯვებს. 

დანარჩენი ორი ეგზიტპოლის მიხედვით კი მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე გადიან. 

უფრო კონკრეტულად: 

ქართული ოცნების დაკვეთით, კომპანია "ფსიქოპროექტის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების თანახმად, მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების პირველივე ტურში იმარჯვებს. ზურაბ ბიგვავას კომპანიის ჩატარებული ეგზიტპოლის მონაცემებით, ზურაბიშვილმა 52,3% დააგროვა.

ამავე ეგზიტპოლის მიხედვით, მეორე ადგილზე გადის "ძალა ერთობაშია"-ს კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე 28,1%, ხოლო მესამე ადგილზე - ევროპული საქართველოს კანდიდატი დავით ბაქრაძე - 9,32%

რუსთავი 2-ის დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება ძალა ერთობაშია-ს კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესა და ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შორის ჩატარდება, მათ თანაბარი 40-40% დააგროვეს.

ევროპული საქართველოს დაკვეთით, კომპანია "ბი-სი-ჯი"-ს მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური "ძალა ერთობაშია"-ს კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესა და ქართული ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შორის გაიმართება. 

BCG-ის მონაცემებით, ანალიტიკური განაწილების შედეგად, ვაშაძემ 37% მიიღო, ზურაბიშვილმა 34%, ევროპული საქართველოს კანდიდატმა დავით ბაქრაძემ - 17 %, შალვა ნათელაშვილმა - 5%. 

საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს ცესკო დაახლოებით 24:00 საათზე გამოაქვეყნებს. 

კომენტარები