არჩევნები 2018

TI: გამოვავლინეთ სავარაუდო გაყალბების და ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები

ghn.ge

არჩევნების სავარაუდო გაყალბება და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა იმ დარღვევებს შორისაა, რომლებიც საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს დამკვირვებლებმა გამოავლინეს. 

მათ შორის: 

ზუგდიდის საარჩევნო ოლქის 94 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელმა დაინახა, როგორ ჩააგდო საარჩევნო ყუთში რამდენიმე კონვერტი საარჩევნო ყუთის ზედამხედველმა კომისიის წევრმა. პროტესტის გამოხატვის შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ და სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა უბნის გარეთ გაიყვანეს დამკვირვებელი, სთხოვეს თვალი დაეხუჭა ამ ფაქტზე და პირობა მისცეს, რომ აღარ განმეორდებოდა მსგავსი შემთხვევა. ეს ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

შესაბამისად, ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, დაინტერესდეს ამ შემთხვევით და მიიღოს შესაბამისი ზომები.  

ასევე: 

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

გურჯაანის მე-12 საარჩევნო ოლქის საარჩევნო უბანზე ერთ-ერთ ამომრჩეველს გარეთ გაყვა სადამკვირვებლო ორგანიზაციის „საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირი” დამკვირვებელი, რომელმაც თანხა გადასცა მას. ეს პირი არ უარყოფს ფულის გადაცემის ფაქტს. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ ასევე გამოავლინა: 

აგიტაციის წესების დარღვევა

გურჯაანის N12 საარჩევნო ოლქის N25 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა კომისიის წევრმა კაბინის გარეთ მისცა ხმა, ანუ შემოხაზა სასურველი კანდიდატი.

ერთი და იმავე უბანზე ერთი ორგანიზაციის რამდენიმე დამკვირვებელი

მარნეულის N22 საარჩევნო ოლქის N55 საარჩევნო უბანზე ერთი და იმავე სადამკვირველო ორგანიზაციის ორი წარმომადგენელი იმყოფებოდა.

დამკვირვებლების არშეშვება საარჩევნო უბნებზე

ნინოწმინდის N41 საარჩევნო ოლქის N2 საარჩევნო უბანზე და ჭიათურის N56 საარჩევნო ოლქის N26 უბანზე გარკვეული დროის განმავლობაში კომისიის თავმჯდომარეები უბანზე არ უშვებდნენ დამკვირვებლებს. 

კომისიის წევრის მიერ ფუნქციათა გადასანაწილებელ წილისყრაზე უარის თქმა

გლდანის N10 საარჩევნო ოლქის N100 უბანზე, გორის N32 საარჩევნო ოლქის N88 უბანზე, ბათუმის N79 საარჩევნო ოლქის N7, 25, 89 უბნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ დანიშნულმა კომისიის წევრებმა უარი თქვეს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრების გამოსავლენ წილისყრაში მონაწილეობაზე.

რეგისტრატორის მიერ ბეჭდის არასწორი გამოყენება

დმანისის N24 საარჩევნო ოლქის N32 უბანზე ერთ-ერთი რეგისტრატორი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბიულეტენებზე ბეჭედს უკუღმა არტყამდა, რაც შეიძლება ბიულეტების ბათილობის საფუძველი გახდეს.

კომენტარები