ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები თავს არიდებენ მკაფიო პასუხის გაცემას კითხვაზე, დაუჭერენ თუ არა მეორე ტურში მხარს დავით ბაქრაძე სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ.
"ჩვენ მოვისმინეთ გრიგოლ ვაშაძის წარმომადგენლების პასუხი ჩვენს ძალიან მარტივ, მაგრამ მნიშვნელოვან კითხვაზე, დაუჭერენ თუ არა ისინი მხარს დავით ბაქრაძეს მეორე ტურში, სალომე ზურაბიშვილის და ქართული ოცნების წინააღმდეგ. სამწუხაროდ ვერ მოვისმინეთ ვერანაირი მკაფიო პასუხი, ისინი მკაფიო პასუხებს თავს არიდებენ, რაც ადასტურებს მათ უპასუხისმგებლობას, იმას რომ მათი სიტყვის ნდობა არ შეიძლება. ჩვენს გვაქვს შეთანხმება ევროპის სახალხო პარტიის ქოლგის ქვეშ, მათ მიერ ხელმოწერილი. ეს ასევე ადასტურებს იმას, რომ ეს ხალხი არანაირი ოპოზიციური ერთობისთვის არ იბრძოდა. მიუხედავად ამისა, მე დარწმუნებული ვარ როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ასევე მასთან დაკავშირებული სხვა ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლები, მათი ლიდერებისგან განსხვავებით, გამოიჩენენ სამოქალაქო პასუხიმგებლობას და მეორე ტურში მხარს დაუჭერენ დავით ბაქრაძეს, იმისთვის რომ არ დავუშვათ ივანიშვილის რეჟიმის სამარცხვინო და ძალიან საზიანო კანდიდატის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებზე." - ამბობს ბოკერია.
დღეს ევროპული საქართელოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ გრიგოლ ვაშაძეს მიმართა გასცეს მკაფიო პასუხი კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ევროპული საქართველოს კანდიდატს დავით ბაქრაძეს. ბოკერიამ ასევე აღნიშნა, რომ ევროპული საქართველო ერთგული რჩება იმ შეთანხმების, რომელიც მათ ევროპის სახალხო პარტიასთან შეთანხმებით ენმ-სთან გააფორმეს, სადაც წერია, რომ მეორე ტურში ერთმანეთის კანდიდატს დაუჭერენ მხარს. ბოკერიას ამ კითხვას ენმ-ის წევრი თინა ბოკუჩავა გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ "საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილთან ერთად გრიგოლ ვაშაძე გავა".




