არჩევნები 2018

ბოკერია: ვაშაძემ უნდა გაგვცეს მკაფიო პასუხი, დაუჭერს თუ არა ბაქრაძეს მხარს II ტურში

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია ენმ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს მიმართავს, გასცეს კითხვაზე კონკრეტული პასუხი დაუჭერს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარს, ევროპული საქართველოს კანდიდატს დავით ბაქრაძეს. ბოკერიას თქმით, მიუხედავად ენმ-სთან დიდი განსხვავებისა, ევროპული საქართველო ერთგული რჩება იმ შეთანხმების, რომელიც მათ ევროპის სახალხო პარტიასთან შეთანხმებით ენმ-სთან გააფორმეს.

"მთელი ამ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში სამწუხაროდ, განსხვავებები ევროპულ საქართველოსა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შორის ბევრს ფუნდამენტურ, ღირებულებით, პრინციპულ საკითხზე კიდევ უფრო გაღრმავდა და შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური განსხვავებები დღე ჩვენ შორის არის ძალიან დიდი და ჩვენ ძალიან ცოტა გვაქვს საერთო დარჩენილი, განსაკუთრებით შიდაპოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში. მიუხედავად ამისა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ევროპული საქართველო და ჩვენი კანდიდატი დავით ბაქრაძე ერთგული ვრჩებით იმ შეთანხმების, რომელსაც მივაღწიეთ ევროპის სახალხო პარტიის ქოლგის ქვეშ ნაციონალურ მოძრაობასთან და მის კანდიდატთან გრიგოლ ვაშაძესთან. მე მინდა კითხვით მივმართო გრიგოლ ვაშაძეს და მთელ მის გუნდს, პოლიტიკურ ხელმძღვანელს სააკაშვილს და ყველას ვინც იქ არის და ველით კონკრეტულ პასუხს, როდესაც დავით ბაქრაძე გავა მეორე ტურში ამ არჩევნებზე, დაუჭერს თუ არა გრიგოლ ვაშაძე მას მხარს. ჩვენ ველით მისგან მკაფიო პასუხს და არ მივიღებთ იმ პასუხს „მე ვიქნები მეორე ტურში". ის არ იქნება მეორე ტურში, მეორე ტურში იქნება დათო ბაქრაძე, მაგრამ ყველა შემთხვევაში, მან უნდა გაგვცეს კონკრეტული პასუხი, არის თუ არა ის ერთგული იმ შეთანხმების რომელიც იქნა მიღწეული და დაუჭერს თუ არა მხარს ღიად მეორე ტურში დათო ბაქრაძეს. ნებისმიერი პასუხი, გარდა იმისა რომ დაუჭერს მხარს მეორე ტურში დავით ბაქრაძეს, იქნება იმის ტოლფასი რომ არ დაუჭერს მხარს." - ამბობს ბოკერია.

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ინიციატივით, "ევროპულმა საქართველომ" და "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" შეთანხმებას რამდენიმე თვის წინ მოაწერეს ხელი. შეთანხმება 3 ძირითად პუნქტს მოიცავს:

1. მხარს დავუჭერთ ევროპული საქართველოს ან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 2018 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი.

2. საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ერთმანეთი და ჩვენს შორის განსხვავებები არ იქნება თავდასხმის სამიზნე.

3. მოვუწოდებთ და მობილიზებას გავუკეთებთ ამომრჩეველს, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა პირველ და მეორე ტურშიც იმიტომ, რომ არჩევნები არის გადამწყვეტი ამჟამინდელი რეჟიმის შესაცვლელად.

 

კომენტარები