ზაზა სარალიძის დაკავება

ევროპული საქართველოს დეპუტატები ზაზა სარალიძეს თავდებში უდგებიან

საპარლამენტო უცირესობის ევროპული საქართველოს დეპუტატები ზაზა სარალიძეს თავდებში უდგებიან და ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის თქმით, სარალიძის დაკავება "გამოცხადებული პროვოკაციის ქრონიკა სახელმწიფოს მხრიდან".

"ჩვენ, საპარლამენტო უმცირესობის წევრები გამოვდივართ ინიციატივით და მზად ვართ ჩავუდგეთ თავდებში ზაზა სარალიძეს, რომ ის გაათავისუფლონ დაუყოვნებლივ. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა მინისტრს, პირადად გიორგი გახარიას, გაითვალისწინოს ჩვენი თავდებობა, უახლოეს საატებში ადვოკატთან და ოჯახთან საუბრის შემდეგ ჩვენ ამას გავაფორმებთ დოკუმენტური წესით, სამართლებრივად როგორც საჭიროა და მოვუწოდებ ხელისუფლებას, გაითვალისწინონ დეპუტატების თავდებობა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ზაზა სარალიძე. მე მინდა აქვე გამოვხატო ჩვენი ძალიან ღრმა პატივისცმა პოლიციის და თითოეული რიგითი პოლიციელის მიმართ და ვთქვა, რომ ზაზა სარალიძის გათავისუფლება დარწმუნებული ვარ იქნება მორალური შვება, მათ შორის იმ პოლიციელის და მისი ოჯახისთვისაც ვისი შეურაცხყოფის საბაბითაც ხელისუფლება ცდილობს დააპატიმროს ზაზა სარალიძე და ამ გზით მოიშოროს თავიდან ის ძალიან დიდი უსამართლობა და დიდი ტკივილი რომელიც ჩვენს საზოგადოებაში დატოვა დათო სარალიძის მკვლელობის გამოუძიებლობამ და მკვლელებისთვის ხელის დაფარებამ.  ჩვენი მორალური ვალია არ დავუშვათ ზაზა სარალიძის დაპატიმრება, ყველაფერი გავაკეთოთ ამ ადამიანის გასათავისუფლებლად." - ამბობს ბაქრაძე.

ბაქრაძის თქმით, სარალიძის დაკავება სამართლებრივ და პოლიტიკურ ჩარჩოებს სცდება და ყველას ვალდებულებაა, რომ არ დაუშვან ეს. 

"ის რაც გუშინ მოხდა, ზაზა სარალიძის დაპატიმრება, იყო გამოცხადებული პროვოკაციის ქრონიკა სახელმწიფოს მხრიდან, როდესაც ხუთთვიანი პროვოცირების, დისკრედიტაციის და შევიწროების შემდეგ ხელისუფლებამ მოძებნა საბაბი, რომ დაეპატიმრებინა ზაზა სარალიძე. მიმაჩნია, რომ იმ ადამიანის დაპატიმრება, რომელიც უკვე 5 თვეზე მეტია ქუჩაშია, ეძებს სიმართლეს და მოითხოვს დაისაჯონ მისი შვილის მკვლელები და მათი მფარველები, ადამიანები ვისი სახელებიც და გვარების დოკუმენტურად ცნობილია, ამ ადამიანის დაპატიმრება სცილდება სამართლებრივ და პოლიტიკურ ჩარჩოებს და წარმოადგენს მორალურ ტესტს ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენი საზოგადოების და თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა არ დაუშვათ ზაზა სარალიძის დაპატიმრება, იმ ადამიანის, რომელსაც ებრძვის სახელმწიფო და უსამართლოდ ექცევა ახელმწიფო მანქანა და სისტემა და ვისი ოჯახიც არის მსხვერპლი იმ უზნეობის, რომელიც დღეს ჩამოაყალიბა ქართულმა ოცნებამ." - ამბობს ბაქრაძე.

2017 წლის 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, გუშინ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც სარალიძე კარვის გაშლას ცდილობდა, პოლიციელებმა კი მას ამის საშუალება არ მისცეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, "რუსთაველის გამზირზე, ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ".

კომენტარები