საქართველოს სახალხო დამცველი

ომბუდსმენი: ხელისუფლების განცხადებები NGO-ების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად, ეს დაუშვებელია

სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთდა არაერთი განცხადება, რომელიც მიზნად ისახავდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი ხელმძღვანელი პირების დისკრედიტაციას.

ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ ეს ორგანიზაციები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების, კორუფციის პრევენციის, ადამიანის უფლებების დაცვის, სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის და არჩევნების მონიტორინგის მიმართულებით მუშაობენ. 

ომბუდსმენის აპარატი ხელისუფლებას იმ საერთაშორისო ვალდებულებებს ახსენებს, რასაც გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები სახელმწიფოებს ადამიანის უფლებების დამცველების საქმიანობის ხელშესაწყობად უწესებენ.

  • გაეროს 1998 წლის დეკლარაცია ადამიანის უფლებათა დამცველების თაობაზე აღიარებს ორგანიზაციებისა და ინდივიდების უფლებას, სახელმწიფო უწყებების წინაშე მწვავედ და კრიტიკულად დააყენონ საკითხები, რაც ხელს უშლის ადამიანის უფლებების რეალიზაციას და გააპროტესტონ ამ თვალსაზრისით სახელმწიფოს პოლიტიკა. სახელმწიფოს კი უწესებს ვალდებულებას, დაიცვან ინდივიდები ნებისმიერი ზეწოლის, მტრული განწყობებისა და დისკრიმინაციისგან მათი დეკლარაციით აღიარებული საქმიანობის გამო.
  • უფლებადამცველების შესახებ სახელმძღვანელო პრინციპებით, ეუთო ხაზგასმით მიუთითებს სახელმწიფო ინსტიტუტებს და თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ ისეთი მოქმედებებისაგან, რომელიც ადამიანის უფლებათა დამცველებზე პიროვნული თავდასხმების, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი კამპანიების და მათი საქმიანობის დისკრედიტაციისაკენ არის მიმართული. ეუთო მოუწოდებს სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლებს, არა თუ თავად მოახდინონ რაიმე სახის ზეწოლა ადამიანის უფლებათა დამცველებზე, არამედ გადადგან პროაქტიული ნაბიჯები უფლებადამცველების სტიგმატიზების წინააღმდეგ; აღიარონ ასეთი ორგანიზაციების და პირების მნიშვნელობა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის და შესაბამისად, გააძლიერონ მათი ლეგიტიმაცია.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამ ვალდებულებებისა, ხელისუფლების წარმომადგენლები NGO-ების საქმიანობას ფაშისტურ ორგანიზაციებს ადარებენ და ამგვარი დამოკიდებულება დაუშვებელია.

"ზემოაღნიშნული ვალდებულებების მიუხედავად, ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ადარებდნენ ფაშისტურ ორგანიზაციებს; მიმდინარეობდა აქტიური და ორგანიზებული კამპანია სოციალურ მედიაში და საჯაროდ მითითება თითქოსდა მათ დანაშაულებრივ ფაქტებთან კავშირებზე. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამგვარი დამოკიდებულება დაუშვებელია და საფრთხეს უქმნის საქართველოში დემოკრატიული განვითარების პროცესს", - აღნიშნულია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, საქართველოს სახალხო დამცველი ამბობს, რომ მხარდაჭერას უცხადებს ყველა იმ ორგანიზაციას და მათ წარმომადგენელს, რომლებიც "მრავალი წელია საქართველოში მუხლჩაუხრელად მუშაობენ ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის დასამკვიდრებლად" და მოუწოდებს ხელისუფლებას, იხელმძღვანელოს საერთაშორისოდ აღიარებული დემოკრატიული სტანდარტებით.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 23-25 ოქტომბერს სახალხო დამცველი საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს, რომლის თემატიკაც პირდაპირ ეხმიანება არასამთავრობო სექტორსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობებს.

"სახალხო დამცველის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლაში ყურადღებას საქართველოში არასამთავრობო სექტორის საქმიანობის გამოწვევებზე გაამახვილებს და კოლეგებთან ერთად განიხილავს ომბუდსმენის ინსტიტუტების როლს მათი მხარდაჭერის და გაძლიერების თვალსაზრისით", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, 8 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციები იმის გამო გააკრიტიკა, რომ მათ რუსთავი 2-ის დირექტორ ნიკა გვარამიას განცხადებაზე მკვეთრი პოზიცია არ დააფიქსირეს. კობახიძის თქმით, ვინც ფაშიზმს ხელს აფარებს, ის თავად არის ფაშიზმის თანამონაწილე და ასეთი ადამიანები არასამთავრობოებშიც არიან.

გუშინ, 23 ოქტომბერს ამ თემაზე განცხადება გააკეთა ყოფილმა პრემიერმინისტრმა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმაც, რომელმაც თქვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებში არის "ნაციონალური მოძრაობის აქტივი, რომლებიც შეფარულად შევიდა სამოქალაქო საზოგადოებაში".

კომენტარები