საქართველოს სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი: იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან შესახვედრად მზად ვარ

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მიერ 2 მაისის გაკეთებულ განცხადებებსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან შემოსულ შეკითხვებს ეხმაურება, რომლებიც აპარატის სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას და მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებას ეხებოდა.

"გასაკვირია [იუსტიციის სამინისტროს] დასმული შეკითხვები, ვინაიდან დასკვნაში წარმოდგენილი ჩივილები, ჩატარებული კვლევების მონაცემები (მათ შორის ალბუმინის დაბალი მაჩვენებელი) და სხვა საყურადღებო საკითხები, რასაც იუსტიციის მინისტრი საჯაროდ უსვამს ხაზს, დეტალურად იყო გავლილი ექსპერტების მიერ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალთან ვიზიტის განხორციელების დღესვე. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ სახალხო დამცველის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა ეფუძნება პაციენტის პირად შემოწმებას, ასევე თავად პენიტენციური დაწესებულების მიერ წარმოდგენილი სამედიცინო მასალების, ანალიზების პასუხების და ჩანაწერების შესწავლას". - წერია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იუსტიციის მინისტრისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის, ისიც ცნობილია, რომ სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექსპერტთა ჯგუფი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, კეთილსინდისიერი, მაღალი სანდოობისა და რეპუტაციის მქონე გამოცდილი ექიმებით, რომლებსაც გააჩნიათ იმ თითოეული სიმპტომის აღწერის, დიაგნოსტირების თუ რეკომენდაციაზე საუბრის/დადგენის კომპეტენცია რაზეც დასკვნაშია საუბარი.

ომბუდსმენის აპარატის თქმით, ვინაიდან იუსტიციის მინისტრის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხები მოითხოვს კვალიფიციურ მსჯელობას და სპეციალურ სამედიცინო ცოდნას, სახალხო დამცველი და სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი მზად არის, სამუშაო ფორმატში შეხვდეს იუსტიციის სამინისტროს/პენიტენციური სამსახურის კომპეტენტურ სამედიცინო წარმომადგენლებს, სახელმწიფო კონსილიუმს, ექიმ-სპეციალისტებს და აღნიშნულთან დაკავშირებით გავმართოთ ექსპერტული მსჯელობა. სახალხო დამცველის აპარატი მზადყოფნას გამოხატავს, რომ ეს დისკუსია საზოგადოებისთვის საჯარო იყოს.

"ამასთანავე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს შევახსენებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველი და ექსპერტთა ჯგუფი მზადაა ჩაერთოს ნებისმიერი სახის ექსპერტულ განხილვაში, სამინისტრომ დრო ხელოვნურად არ უნდა გააჭიანუროს. პაციენტის მდგომარეობა მიჩნეულია მნიშვნელოვნად გაუარესებულად და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების დროული აღმოჩენა გადამწყვეტია. სამინისტროს აქვს სამწუხარო გამოცდილება, როდესაც სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციები დროულად არ გაითვალისწინა, რამაც პაციენტის მდგომარება გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში კრიტიკულ ნიშნულამდე მიიყვანა. იმედს ვიტოვებთ, რომ ამჯერად სამინისტრო დროის ფაქტორს ადეკვატურად შეაფასებს და უზრუნველყოფს პაციენტს ხარისხიანი და ადეკვატური სამედიცინო სერვისით". - წერია განცხადებაში.

გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატი იუსტიციის მინისტრის ბრალდებებსაც პასუხობს, თითქოს ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა უკანონოდ გაასაჯაროეს მიხეილ სააკაშვილს პერსონალური მონაცემები.

"განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილს გაცემული აქვს თანხმობა სახალხო დამცველისა და მის მიერ უფლებამოსილი პირების მიერ მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების თაობაზე. შესაბამისად, სახალხო დამცველი და მის მიერ უფლებამოსილი პირები, ამ ტიპის მონაცემების გასაჯაროებას იმ ფარგლებში ახდენენ, რაც დასკვნების არგუმენტების საჯარო პოზიციონირებისთვის და საჯარო ინტერესის დასაკმაყოფილებლად არის საჭირო". - წერია განცხადებაში.

კომენტარები