მსოფლიო მრავალი მიმართულებით ვითარდება, პროგრესი შესამჩნევია ეკონომიკური, ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების კუთხით.
ნახეთ გრაფიკები და რუკები, რომლებიც განვითარებას ბოლო ორ საუკუნეში მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში გვაჩვენებს
ეკონომიკური პროგრესი
1. შემცირდა უკიდურესი სიღარიბე

ეკონომიკურმა ზრდამ ინდოეთსა და ჩინეთში, შედარებით ნელმა, მაგრამ მნიშვნელოვანმა ზრდამ განვითარებად ქვეყნებში შეამცირა იმ ადამიანების წილი მსოფლიო მოსახლეობაში, რომლებიც დღეში 1.90$-ზე ნაკლებად ცხოვრობენ. თუ მათი რიცხვი 1987 წელს 35%-ს უდრიდა, დღეს ეს მაჩვენებელი 11%-მდეა შემცირებული.
როგორც გრაფიკზე ხედავთ, ბოლო 20 წლის განმავლობაში სიღარიბე მსოფლიოს ყველა რეგიონში შემცირდა, მათ შორის სუბ-საჰარულ აფრიკაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, ევროპასა და ლათინურ ამერიკაში.
დამატებით სიღარიბის შემცირებაზე წაიკითხეთ შემდეგ ბმულზე.
2. შემცირდა შიმშილი

ფოტო: International Food Policy Research Institute
ეს რუკა გვიჩვენებს საერთო შიმშილის ინდექსს 2000-2017 წლებში.
იმ ქვეყნებში, რომლებიც წითლადაა გაფერადებული, შიმშილი გაიზარდა. მუქ და ღია ნარინჯისფრადაა გაფერადებული ქვეყნები, რომლებშიც შიმშილი შემცირდა. მწვანედ გაფერადებულ ქვეყნებში შიმშილი ½-ით ან მეტით შემცირდა.
როგორც რუკაზე ხედავთ, ქვეყნების უმრავლესობა სწორედ ღია და მუქ ნარინჯისფრადაა შეღებილი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ისეთი მჭიდროდ დასახლებული ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი და ბრაზილია, მწვანე ველში მოხვდნენ.
3. შემცირდა ბავშვთა შრომა

ფოტო: International Labor Organization
საერთაშორისო შრომითი ორგანიზაციის მიზანი, რომ 2016 წლისთვის მთლიანად აღმოფხვრილიყო ბავშვთა შრომის ყველაზე ცუდი ფორმები, ჯერ ვერ განხორციელდა. მიუხედავად ამისა, რუკაზე ვხედავთ პოზიტიურ ციფრებს, რომლებიც გვიჩვენებს, რომ 2000-დან 2016 წლამდე ბავშვთა შრომა 16%-დან 9.6%-მდე შემცირდა, ხოლო მათი ჩართულობა რისკიან სამუშაოში 11.1%-დან 4.6%-მდე.
4. ადამიანებს განვითარებად ქვეყნებში მეტი დრო აქვთ გართობისთვის

როგორც რუკაზე ხედავთ, ევროპის ქვეყნებში, მე-19 საუკუნესთან შედარებით, უკეთესი სამუშაო გრაფიკია, რაც ნიშნავს, რომ ადამიანებს მეტი დრო რჩებათ გართობისთვის.
ჯანმრთელობა
5. სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება

ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა ახალი ფენომენია. როგორც ქალების, ასევე მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა 6 წელზე მეტით გაიზარდა 1990-2016 წლებში. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავება რეგიონებს შორის ჯერ კიდევ არსებობს (სიცოცხლის ხანგრძლივობა აფრიკაში 16.3 წლით მოკლეა ევროპასთან შედარებით), ინტერვალი ნელ-ნელა მცირდება.
6. ბავშვების სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირებულია

როგორც რუკაზე ხედავთ, ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1990 წლიდან ½-ით შემცირდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარებადი ქვეყნების მაგალითი - 1990 წელს, აფრიკაში 5 წლამდე ბავშვების 17% კვდებოდა, 2015 წელს ეს მაჩვენებელი 8%-ია.
მსოფლიოში მოსახლეობის სიდიდით მეორე ყველაზე დიდ ქვეყანაში, ინდოეთში დროის ამ მონაკვეთში ბავშვების სიკვდილიანობა 69%-ით შემცირდა. ჩინეთში, ყველაზე დიდი მოსახლეობის ქვეყანაში, 83%-ით.
7. სიკვდილიანობა მშობიარობის დროს უფრო იშვიათია

WHO-ის მიხედვით, 1990-2015 წლებში დედების სიკვდილიანობის მაჩვენებელი მშობიარობის დროს 43%-ით შემცირდა. მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაეცა აფრიკის ქვეყნებში.
8. საუკუნეების განმავლობაში იზრდება ადამიანების სიმაღლე

ფოტო: Our World in Data
ეკონომისტ გრეგორი კლარკის ეს გრაფიკი გვიჩვენებს, თუ როგორი განსხვავებაა 2000 წლის წინ აღმოჩენილი მამაკაცის ჩონჩხსა და თანამედროვე ამერიკელი და შვედი მამაკაცის სიმაღლეს შორის. თითქმის 2 ათასი წლის განმავლობაში მამაკაცების სიმაღლე სტაბილური იყო, განსაკუთრებული ცვლილებები ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ იწყება. ადამიანის სიმაღლეს რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს, თუმცა ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა საკვებსა და ზოგად საცხოვრებელ პირობებს ენიჭება.
9. მოწევა შემცირებულია

ეს გრაფიკი გვაჩვენებს მწეველთა რაოდენობის შემცირებას აშშ-ში, 1950 წელს 50% პასუხობდა, რომ გასულ კვირას სიგარეტი მოეწია. 2018 წელს ეს მაჩვენებელი 16%-მდე შემცირდა. პროგრესი გაცილებით რთული აღმოჩნდა განვითარებად ქვეყნებში.
მშვიდობა და უსაფრთხოება
10. გრძელვადიან პერიოდში მკვლელობათა რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა

კრიმინოლოგისტ მანუელ ეისნერის კვლევა გვიჩვენებს, რომ მკვლელობათა რიცხვი ევროპულ ქვეყნებში საუკუნეების განმავლობაში მცირდება. ეისნერის შეფასებით, 1200-1300-იან წლებში, ევროპაში მკვლელობათა საშუალო მაჩვენებელი ყოველი 100,000-დან 32 იყო, 1900-იანებისთვის ეს მაჩვენებელი 100,000-დან 1.4-ია.
11. შემცირდა ბირთვული იარაღის მომარაგება

მსოფლიოს ბირთვული იარაღის მომარაგებამ პიკს 1986 წელს მიაღწია 70,300 ბირთვული ქობინით. მას შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდა აშშ-სა და რუსეთის ბირთვული მარაგები, რაც საერთო მაჩვენებელზეც აისახა.
ქობინი არის შეიარაღების ნაწილი, რომელიც სატყორცნი იარაღის წინა ნაწილასაა განლაგებული და შეიცავს ბირთვულ ან თერმობირთვულ სისტემას, ფეთქებად ნივთიერებას და სხვა.მთავრობა და სოციალური სერვისები
12. დღეს უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს დემოკრატიაში

1993 წლისთვის, ადამიანების უმრავლესობა ავტოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობდა. 1970-80-იან წლებში, ავტოკრატიულმა რეჟიმებმა მნიშვნელოვნად გადაუსწრეს დემოკრატიულ რეჟიმებს და მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ მესამედი ცხოვრობდა დემოკრატიულ ქვეყნებში.
ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ, კომუნისტური დიქტატურა თითქმის მთლიანად გაქრა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში დემოკრატიული სისტემებით შეიცვალა. დემოკრატიის მაჩვენებელი ასევე გააუმჯობესა რამდენიმე სამხედრო მთავრობისა და დიქტატურის დაცემამ სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში
13. მეტი ადამიანი დადის სკოლაში უფრო ხანგრძლივი პერიოდით

მსოფლიოში დღეს კვლავ ბევრი პრობლემაა სწავლის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, მაგრამ ისეთ განვითარებად ქვეყნებშიც კი, როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი, სკოლაში გატარებული სწავლის წლების საშუალო რაოდენობა გაზრდილია.
14. წერა-კითხვის ცოდნის მაჩვენებელი გაზრდილია

განათლების ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად იზრდება წერა-კითხვის ცოდნის დონეც. ასევე მნიშვნელოვანი პროგრესია წერა-კითხვის ცოდნაში რასობრივი განსხვავების შემცირების კუთხით. 1870 წელს, 14-დან ზემოთ წლამდე აფრო-ამერიკელების 79.9%-მა წერა-კითხვა არ იცოდა. 1952 წლისთვის ეს მაჩვენებელი 10.2%-მდე, ხოლო 1979 წლისთვის 1.6%-მდე დაეცა.
15. ინტერნეტთან წვდომა იზრდება

ამ მომენტისთვის, ინტერნეტის გამოყენება ფაქტობრივად უნივერსალურია განვითარებულ ქვეყნებში. რაც შეეხება განვითარებად ქვეყნებს, აქ ნაკლები წვდომა აქვთ ადამიანებს ინტერნეტთან, თუმცა მაჩვენებელი დადებითი მიმართულებით იზრდება.





