ლეონარდო და ვინჩი

ლეონარდო და ვინჩის სიელმე მის მხატვრობაზე აისახა

ლეონარდო და ვინჩის ნახატი "Salvator Mundi"

რენესანსის პერიოდის გენიალურ მხატვარს და მეცნიერს, ლეონარდო და ვინჩის სიელმის იშვიათი ფორმა, ეგზოტროპია ჰქონდა. ჟურნალ JAMA Ophtalmology-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ეს დარღვევა მას სამგანზომილებიანი სივრცის, ფერწერული ტილოს ორგანზომილებიან ზედაპირზე გადატანას უადვილებდა. 

"მის შრომებზე დაკვირვების შედეგად, მე შევნიშნე მკაფიო განსხვავება თვალების მდებარეობაში მის ყველა ნახატში"- ამბობს კვლევის ავტორი ქრისტოფერ ტაილერი, რომელიც და ვინჩის ავტოპორტრეტების გუგებს, ფერად გარსს და ქუთუთოებს წრეებს არტყამდა და შემდეგ ეს გაზომვები კუთხის გრადუსებში გადაჰყავდა. კვლევამ აჩვენა, რომ მოსვენებულ მდგომარეობაში და ვინჩის მარცხენა თვალი -10.3 გრადუსით განზიდული იყო.

თვალების განლაგების ასიმეტრიის ეს ფორმა მოსახლეობის 1%-ს აქვს. ტაილერი ფიქრობს, რომ ეგზოტროპიის გამო და ვინჩის მხედველობა მარცხენა თვალში უფრო ჰგავდა ბრტყელ ტილოს, ვიდრე მისი მარჯვენა თვალის მიერ დანახულ სამგანზომილებიან სივრცეს, შესაბამისად, მისთვის სიღრმის ბრტყელ ტილოზე ასახვა გაცილებით მარტივი იყო. 

წარსულში მსგავსი მეთოდით სხვა მხატვრების შრომების შესწავლამ აჩვენა, რომ რემბრანდტს, ედგას დეგასს და პაბლო პიკასოს ასევე თვალის განლაგების დარღვევები ჰქონდათ.

კომენტარები