თეატრალური ფესტივალი 2018

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2018

ბოლო რამდენიმე წელია, შემოდგომის თბილისი მხოლოდ ქუჩებში მოფანტულ ყვითელ ფოთლებსა თუ სუსხშეპარულ მზიან დღეებთან აღარ ასოცირდება. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იქცა მოვლენად სახელოვნებო სივრცეში, რომელსაც თანაბარი ინტერესით ელის, როგორც მოყვარული, ისე პროფესიონალი მაყურებელი.

წელს ფესტივალმა არსებობის ათი წელი გადათვალა. დრო თავისუფლად შეგვიძლია, ამ შემთხვევაში აღვიქვათ, როგორც განსაზღვრება. სახელოვნებო პროდუქტის ღირებულებაზე საუბრისას, ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაყურებლის დამოკიდებულების კვლევაა. ათი წლის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო თეატრალურმა ფესტივალმა მოახერხა და გაიჩინა საკუთარი მაყურებელი, რომელიც წლიდან წლამდე ელის ფესტივალს. მაყურებლის თვისობრივ მახასიათებლებზე საუბარი, ცხადია, გამიჭირდება და ამ წერილის მაშსტაბი თუ მიზანი არც გულისხმობს ამ ტიპის ძიებას, თუმცა, რიგითი მაყურებლის მზარდი ინტერესი ფესტივალისადმი, თავისთავად მრავლისმთქმელია.

ფესტივალის კონცეფცია, თუ გნებავთ, მიზანი გულისხმობს მაყურებლისთვის თანამედროვე თეატრალური სამყაროს ძიებების, აღმოჩენების, ნოვაციური და ექსპერიმენტული მცდელობების გაცნობას. საერთაშორისო კულტურულ სივრცეში ურთიერთობების გაღრმავებას. მოკლედ, ეს არის მცდელობა ქართული თეატრალური ხელოვნება იყოს მუდმივად ჩართული საერთაშორისო კულტურულ დიალოგში. მიზანი უდავოდ მასშტაბურია. შეიძლება ძალიან ბევრი ვისაუბროთ რეგიონში ფესტივალის მნიშვნელობაზე, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაზრდის შესაძლებლობებზე და ა.შ. განვლილი ათი წლის განმავლობაში ფესტივალს სტუმრობდა მსოფლიოში ცნობილი, რამდენიმე გამორჩეული რეჟისორი: სილვიუ პურკარეტე, რობერ ლეპაჟი, მაია კლეჩევსკა, პიპო დელბონო, ფილიპ ჟანტი, თომას ოსტერმაიერი, კშიშტოფ ვარლიკოვსკი და სხვა მრავალი.

წარმატებაზე საუბრისას, ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, მაინც არის პასუხისმგებლობის გააზრება, რომელსაც ეს წარმატება გაკისრებს. ერთია, შექმნა ღირებული სახელოვნებო პროდუქტი და გაცილებით მნიშვნელოვანი - შეინარჩუნო მისი ღირებულება. ამ კუთხით ფესტივალზე საუბარი და წლევანდელი საერთაშორისო პროგრამის განხილვა გულისხმობს, როგორც შენიშვნებისა და ღიად დარჩენილი კითხვების დასმას, ისე ფესტივალის პოტენციალის აღიარებას და მის მიმართ პერფექციონისტული დამოკიდებულების პრეტენზიას.

ფესტივალის მეათე საიუბილეო წლის საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული ინტერესით მაყურებელი დათა თავაძის გერმანიაში დადგმულ სპექტაკლს ელოდა. “ვეფხვი და ლომი” არის ბადენის შტაატსთეატრის, კარლსრუეს, სამეფო უბნის თეატრისა და გოეთეს ინსტიტუტის კოპროდუქცია. კარლსრუეს სახელმწიფო თეატრი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მრავალპროფილიანი სივრცეა. ის მოიცავს, როგორც საბალეტო და დრამატულ, ასევე საყმაწვილო თეატრს და თეატრს მაყურებლის თანამონაწილეობით.

ვეფხვი და ლომი

რეჟისორის უცხოეთში დადგმული წარმოდგენისადმი მაყურებლის სენსიტიური დამოკიდებულება გასაკვირი ვერ იქნება. ეს ჩვენში კოდირებული “პატარა ერის სინდრომია”, რომელსაც, ალბათ, კიდევ დიდხანს ვერ დავძლევთ. კარლსრუეს სცენაზე ქართველი რეჟისორის სპექტაკლი, ცალსახად არის მნიშვნელოვანი გამოცდილება და წარმატება თავად რეჟისორისთვის.

სპექტაკლის დრამატურგია (დათო გაბუნია) ეყრდნობა ისტორიულ\დოკუმენტურ მასალებს. 1937 წლის კომუნისტური რეპრესიები ჩვენი ქვეყნის არც იმდნეად შორეული წარსულია, რომ მისი ქექვისა და ძიებისას დრამატურგმა შეძლოს და რამე ახალი უთხრას მაყურებელს. რჩება ტექსტისთვის ზუსტად შერჩეული სტილის, გნებავთ გამომსახველობითი ფორმის მიგნება, რომ წარმოდგენა რეალურად იყოს საინტერესო, გასცდეს ისტორიის გადამეორებას და მაყურებლის ატირების მცდელობას. პაოლო იაშვილის დღემდე იდუმალებით მოცული თვითმკვლელობა არის დრამატული ტექსტის ღერძი. თუმცა თხრობა აგებულია კოლაჟურად და მოიცავს კონკრეტული ოჯახების და პერსონების დონეზე მთელ ეპოქას, რომელმაც იმსხვერპლა ქართული საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც ინტელექტუალური შესაძლებლობები და მოქალაქეობრივი პოზიცია უბიძგებდა პროტესტისკენ. რეჟიმის მიზანი იყო ჩაეხშო პროტესტი და მიეღო გარანტირებული ტოტალური კონტროლი, რომელიც გამოხატვის თავისუფლების ყოველ მცდელობას ჩანასახშივე გაანადგურებდა. სადა და ამავე დროს, ბასრი სამსახიობო თამაშის მანერით კარლსრუეს თეატრის მსახიობებმა შექმნეს პერონაჟების ხასიათები, რომლებიც ისტორიული ფაქტების პრიზმას კონკრეტული ადამიანების ტკივილამდე ავიწროვებს.

სპექტაკლის სცენოგრაფია (სებასტიან ჰანაკი) მინიმალისტურია, რამდენიმე სკამისა და მაგიდის გადაადგილებით შემოიფარგლება სცენური სივრცის გადანაწილება და ყოველი ახალი ეპიზოდის გათამაშებისას ქმნის კონკრეტულ ჩარჩოში მოქცეულ მხუთავ ატმოსფეროს, თითქოს ნივთები მოძრაობენ ადამიანური სასოწარკვეთის ტრაექტორიით, რომ საბოლოოდ შექმნან ერთმანეთზე გადაბმული რამდენიმე მაგიდის მწკრივი, როგორც სიცოცხლის ხაზი, ან როგორც სიკვდილის გრძელი ჯაჭვი, რომლის ყოველი რგოლი სისხლითაა დალაქავებული. ამ სისხლს დამლაგებლები საგულდაგულოდ გაასუფთავებენ, მაგრამ რომელიმე ბნელი და ბინძური სარდაფის, ან მუზეუმის ლამაზი ოთახის მეხსიერება სამუდამოდ შეიწოვს სისხლის მძაფრ სუნს. და ეს მეხსიერება თაობებს დააბრუნებს იმ კედლებთან, იმ ვერ დანგრეულ და ვერ ჩამოშლილ კედლებთან, რომლებიც ინახავენ თავისუფალი აზრის განადგურებისთვის სისხლის გუბეებად გადაქცეული ეპოქის ისტორიას. დაბრუნების სურვილი ამ შემთხევაში გულისხმობს დაფარულის, ბურუსით მოცულის კვლევას.

რეჟისორისა და დრამატურგის მიზანი, ალბათ ამ ტიპის კვლევას ისახავდა მიზნად. დროის დისტანციიდან ეძებო პასუხები კითხვებზე, რომლებიც უპასუხოდ თავად დრომ დატოვა. სხვა შემთხვევაში რეალურ ამბავზე შეთხზული მხატვრული ტექსტი თუ სპექტაკლი მხოლოდ ისტორიის გადამეორებას ემსგავსება და როცა კვლევის იარაღი ხელოვნებაა, ის თავისუფლად შეიძლება ვაქციოთ მანიპულაციად, რომელიც მაყურებელს არა რაიმე კონკრეტული კვლევის შედეგს, არამედ საკუთარი თუ უცხო ერის თავგადასავლიდან მოუთხრობს ტრაგიკულ ისტორიას და ვერასდროს გასცდება სენტიმენტალური განწყობის შექმნის ფარგლებს.

გარდა იმისა, რომ სპექტაკლი “ვეფხვი და ლომი” ფორმითა თუ სტილით არაფრით განსხვავდება დათა თავაძის ორი წლის წინ სამეფო უბნის თეტრში დადგმული სპექტაკლისგან “პრომეთე-დამოუკიდებლობის 26 წელი” და მსგავსება ამ შემთხვევაში ობიექტურად კრიტიკული მაყურებლისთვის ძალიან თვალშისაცემია, ის ბუნდოვანს ტოვებს კვლევის მიზანს. თუკი ვსაუბრობთ იმაზე, რომ უცხო ქვეყანას, ამ შემთხვევაში გერმანიას, ვუყვებით ჩვენი ქვეყნის მძიმე და კონკრეტული ადამიანების ტრაგიკული ბიოგრაფიებით აკინძულ ისტორიას, მაშინ, ცხადია, შეგვიძლია ჩავთვალოთ მიზანი მიღწეულად. ხელოვნების ნებისმიერი მიმართულება და მით უფრო, დრამატული ხელოვნება, რომელიც მხოლოდ პრობლემის მხატვრული ლუსტრაციით შემოიფარგლება და ძიების მიზნად ანალიზსა და პრობლემაში თუნდაც უკიდურესად სუბიექტური, მაგრამ მაინც ინდივიდუალური ხედვის რაკურსს არ წარმოაჩენს, ჩემთვის მკვდარია. ის არ გაიძულებს ფიქრს, არ გეხება რეალურად, რადგან გადაფურცლე, როგორც ისტორიის სახელმძღვანელოში წაკითხული და გადამეორებული კიდევ ერთი გვერდი და ვერაფერს ახალს ვეღარ გადააწყდი. რეჟისორი დათა თავაძე ინტელექტუალური თუ შემოქმედებითი თვალსაზრისით საინტერესო და დიდი პოტენციალის მქონე არტისტია, ამიტომ ვთვლი, რომ ის არ უნდა დასჯერდეს ერთხელ უკვე მიგნებულ და გამართლებულ სტილს. ერთია შემოქმედის ხელწერა და სულ სხვა რამაა საკუთარი ნამუშევრის დუბლირება.

წლევანდელი ფესტივალი სტუმრობდა კიდევ ერთი ქართველი ავტორის რომანის მიხედვით ასევე გერმანიაში დადგმულ სპექტაკლს. ნინო ხარატიშვილი გერმანულენოვანი ქართველი მწერალია. მისი რომანის “მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)” სასცენო ადაპტაციის ავტორები არიან იულია ლოხტე და ემილია ლინდა ჰაინრიხი. სპექტაკლი დაიდგა ჰამბურგში. თეატრი “თალია” 1843 წელს შარლ მორისმა დააარსა და დღეს უკვე დიდი და საინტერესო ისტორიის მქონე “თალია” ითვლება ერთ-ერთ გამორჩეულ სივრცედ მსოფლიო თეატრალურ ხელოვნებაში.

სპექტაკლის რეჟისორი იეტე სტეკელი ხუთსაათიანი წარმოდგენის განმავლობაში ცდილობს თეატრის, როგორც ყველაზე სინთეზური ხელოვნების, მთელი ძალით და რესურსით ამუშავებას. ის იყენებს არა მხოლოდ მრავალფეროვან, არამედ ზოგჯერ ურთიერთსაწინააღმდეგო გამომსახველობით ფორმებსაც კი. მუსიკალური და ქორეოგრაფიიული ეპიზოდები, ვიდეოინსტალაცია, წითელი ფერის მუდმივი დომინანტობა სცენოგრაფიაში (ფლორიან ლიოხე), კომუნისტური რეჟიმის, ალბათ, ყველაზე ბანალური ალეგორია, კომიკური და უკიდურესად ტრაგიკული ეპიზოდების ურთიერთმონაცვლეობა ქმნის დინამიკას, ტემპორიტმს, რომელიც მაყურებლის კონცენტრაციას მუდმივად აკონტროლებს.

თამაშდება საუკუნის ისტორია. იმ საუკუნის, რომელიც უკვე შეფასდა, როგორც კაცობრიობის არსებობის განმავლობაში განსაკუთრებული ქარტეხილებითა თუ აღმოჩენებით, სისასტიკითა თუ ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენებით სავსე. ამბავი 1900 წლიდან იწყება და მოიცავს მთელ მეოცე საუკუნეს. ერთი ოჯახის თავგადასავალი, რომელიც თითქოს ძალიან პრიმიტიულ და ყველასთვის ნაცნობ ტკივილებს ისტრიულ კონტექსტთან შესაბამისოდ წარმოგვიდგენს. ექვსი თაობის ბრძოლა სიცოცხლის გადასარჩენად. ყალბი მანერულობისგან დაცლილი თამაშის წყალობით “თალიას” მსახიობები ქართველ მაყურებელს მოუთხრობენ ისტორიას ქართულ ოჯახზე. უკურეაქციაც შესაბამისი იყო- ემოციებითა და ცრემლებით სავსე პარტერი.

ტენდენცია, რომ ახალგაზრდა ქართველი ხელოვანები ინტერესდებიან წარსულის კვლევით ცალსახად მისასალმებელია. ისტორია, იმდენად არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც გინახავს ფაქტებს და გაძლევს უფლებას თუ შესაძლებლობას გააანალიზო მოვლენები დროის დისტანციიდან, დამცხრალი ემოციებით და მაქსიმალური პრაგმატულობით. თუმცა თეატრი თავის კანონებით ცოცხლობს, მას ნებისმიერი ტიპის კვლევას თუ ძიებას ვერ მოარგებ და ვერ მიუსადაგებ. როგორც უნდა მოინდომო, ხუთსაათიანი ქრონომეტრაჟიც ვერ იქნება საკმარისი საუკუნის, როგორც აღსაწერად ისე გასაანალიზებლად და მივალთ ისევ იმ პრობლემამდე, რომელსაც უკვე შევეხე. როცა მაყურებელი ისმენს და უყურებს მხატვრული ფორმის ჩარჩოში მოქცეულ კარგად ნაცნობ ისტორიულ ამბავს, სადაც ფაქტები ქრონოლოგიური სიზუსტით ცვლიან ერთმანეთს და მხოლოდ მხატვრული კონტექსი რჩება წარმოდგენის ღირებულებად. მე მომითხრეს, წამაკითხეს, შემახსენეს ისტორია, რომელიც არ დამვიწყებია და ვერც დამავიწყდებოდა. როგორც უკვე, აღვნიშნე ტენდენციად იქცა ეპოქის კვლევა, თუმცა იყო კი ეს კვლევა? კვლევა ანალიზს და დასკვნას ითხოვს. რა ვქნა თუ აღარ მიჩუყებს გულს უცხოელების მიერ შესრულებული ქართული სიმღერა, თუ შემოქმედებისგან ველი პასუხს კითხვაზე, რატომ და რა თვალსაზრისითაა აქტუალური დღეს, აქ და ახლა ის პრობლემა, რომელსაც ეხება? თეატრი უპირველესად ყოვლისა, არის სანახაობრივი ხელოვნება, ამ თვალსაზრისით რეჟისორმა მიმართა, როგორც უკვე აღვნიშნე, გამომსახველობითი ფორმების მრავალფეროვნებას და ვერ ვიტყვი, რომ უგემოვნოდ ან გადამეტებულად. მა ბუნდოვანი დარჩა მიზანი. ან იქნებ ძალიან ცხადია ყველაფერი და ისევ ვტრიალებთ იმ რაკურსის ირგვლივ, რომ გვსურს ჩვენ შესახებ, ჩვენი მძიმე და გადარჩენისთვის ბრძოლით სავსე ისტორიის შესახებ, იცოდეს მსოფლიომ და ანალიზამდე ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, ჯერ ბრილკამ უნდა იცეკვოს.

თბილისის მეათე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ყველაზე მასშტაბურ ფიგურად, მოიაზრება მიხაილ ბარიშნიკოვი. ცნობილი ლიტველი რეჟისორის ალვის ჰერმანისის New Riga თეატრში დადგმული ერთი მსახიობის სპექტაკლი,რომელშიც მსოფლიოში ცნობილი მოცეკვავე, ნობელის პრემიის ლაურეატი პოეტის ლექსებს კითხულობს. სცენაზე ერთი მსახიობია, თუმცა ატმოსფერო, რომელსაც ბარიშნიკოვის სამსახიობო ოსტატობა, მიმისა თუ კაბუკის თეატრის სხვადასხვა ხერხების გამოყენება, სიყალბისა და ემოციებით მანიპულაციისგან დაცლილი თხრობის მანერა, მაყურებელში იწვევს განცდას, რომ ის უსმენს ორი მეგობრის პოეტურ დიალოგს სამყაროს იდეალისტური, ფილოსოფიური აღქმის შესახებ.

ბროდსკი/ბარიშნიკოვი
წარმოდგენაში, რომლის მისტიკურ განწყობას განათების მხატვრობა,პასტელურ ფერთა ცვალებადობა და ძველი, შემინული ვერანდა ქმნის. ბარიშნიკოვი ძალიან იშვიათად და ძუნწად, მაგრამ მაინც იყენებს ცეკვის ილეთებს. სპექტაკლის დასაწყისშივე ცხადი ხდება, რომ მისი მიზანი არა იმდენად საკუთარი სხეულის ოსტატობის დემონსტრირებაა, რამდენადაც მეოცე საუკუნის გამორჩეულად საინტერესო პოეტის, მოაზროვნის, ფილოსოფოსის იოსიფ ბროდსკის პოეზიის მაყურებლამდე შეგრძნებების დონეზე მიტანა. სწორედ ამიტომ მაყურებელში ჩნდება განცდა, რომ ორ ხელოვანს ხედავს სცენაზე, ორ მეგობარს, ერთს მატერიალიზებული, ხოლო მეორეს - აბსტრაქტული სახით.

ერთადერთი, რაშიც ადამიანი შეიძლება იყოს აბსოლუტურად დარწმუნებული, სიკვდილის გარდუვალობაა. ამის მიუხედავად, მასთან თვალის გასწორებას და მისი, როგორც მოცემულობის აღიარებას, მაინც გავურბივართ. რეჟისორმა ბროდსკის პოეზიიდან სიკვდილისა და სიცოცხლის ფილოსოფიური გააზრების აქცენტები წამოწია წინ და შექმნა პოეტური კომპოზიცია, რომელიც ერთი მხრივ, გარწმუნებს ამქვეყნიური არსებობის ამაოებაში და მეორე მხრივ, წარმოგიდგენს სიცოცხლეს, როგორც ძიების უნიკალურ შესაძლებლობას.

ბარიშნიკოვი ზოგჯერ თითქმის სრულიად უემოციოდ და ძალიან ჩუმად კითხულობს ლექსებს, რომლებიც სამშობლოდან გაქცევას, უარყოფას, მარტოობას შეეხება და ხვდები, რომ ეს ერთი შეხედვით ნეიტრალური თუ ემოციისგან დაცლილი თამაშის მანერა პოზიციაა.

ათწლიანი არსებობის განმავლობაში ფესტივალი ცდილობს მაყურებელს არა მხოლოდ კლასიკური დრამატული სპექტაკლები შესთავაზოს, არამედ თეატრალური ხელოვნების საზღვრებში გაერთიანებული სხვადასხვა წარმოდგენებით გვიჩვენოს თუ რამდენად დიდი თეატრის ამპლიტუდა.

ცირკოპოლისი
ცირკოპოლისი" აერთიანებს საცირკო ხელოვნების, თეატრისა და ცეკვის ელემენტებს. სტილიზებული სასცენო დეკორაციები, რომლებიც ვიდეოინსტალაციებითაა წარმოდგენილი გვიჩვენებს მეგაპოლისების უსასრულო მოწყენილობასა და რუტინულ ერთფეროვნებას. ამ დამთრგუნველ ატმოსფეროს თავდაყირა აყენებს აკრობატებისა და მრავალმხრივი არტისტების შესაძლებლობები. ჩნდება განწყობა, თითქოს მოწყენილობისგან დაღლილი სული თავისუფლდება სხეულისგან. სპექტაკლის რეჟისორის ჟანო პენშოს სიტყვებით "ცირკოპოლისი" ეს არის წარმოდგენა, რომელიც გათავისუფლებას, იმედის ფრთებით ქროლვას ნიშნავს. წარმოდგენის მხატვრობა, მსახიობთა პრიმიტივიზმამდე დასული სასცენო ვიზუალი, შეუსაბამო იყო იმ ფანტასტიკამდე მისულ აკრობატულ თუ საცირკო ხელოვნებასთან, რომელსაც წარმოადგენდა ცირკი "ელუაზი". რაც შეეხება სპექტაკლის მუსიკალურ მხარეს. პირადად მე, როგორც მაყურებელს, ხელი შემიშალა აღქმაში.

ცირკოპოლისი

"თაიგარ ლილიზ" - ჯგუფი, რომელიც მათი არსებობის მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში ახერხებს შეინარჩუნოს მსმენელისა და მაყურებლის დიდი ინტერესი. ჯგუფის ხელმძღვანელი, სიმღერების ავტორი და შემსრულებელი, სპექტაკლების მუსიკალური რეჟისორი მარტინ ჟაკია. 1989 წლიდან მოყოლებული "თაიგარ ლილიზ" ძალიან სწრაფად მოექცა ყურადღების ცენტრში და ქუჩის მუსიკოსობიდან შეძლო სიდნეის საოპერო თეატრის სცენამდე მისვლა. ფესტივალის ფარგლებში მაყურებელმა ამ უნიკალური ჟღერადობით გამორჩეული მუსიკალური ჯგუფის სპექტაკლი იხილა. ედგარ ალან პოს "მოჯადოებული სასახლე" პოლ გოლუბის რეჟისურით ერთდროულად მისტიკური, ტრაგიკული და სარკასტული წარმოდგენაა.

წარმოუდგენელია "თაიგერ ლილიზ" მუსიკა ერთ რომელიმე კონკრეტულ ჟანრს მიაკუთვნო. მათი საშემსრულებლო მანერა, სრულიად გამორჩეულია. ეს არის ბოშური სიმღერებისა და საოპერო ჟანრის უცნაური და ამავედროს ორგანული მიქსი. "მოჯადოებული სასახლე" პოლიჟანრული სპექტაკლია. მუზიკლიდან ფანტასტიკამდე და კოშმარიდან შავი იუმორით სავსე ტრაგიკომედიამდე. მაყურებელი ვიზუალური რეჟისორის მარკ ჰოლთიუსენის წყალობით ეხვევა მისტიკური წარმოდგენის ნისლში და იწყება მოგზაურობა უკუნითა და განსაცდელით სავსე სამყაროში, რომელსაც "თაიგერ ლილიზ" სრულიად უნიკალური საშემსრულებლო მანერა სიმსუბუქესა და გროტესკულობას სძენს. ვიზუალური ეფექტები სცენოგრაფიაში ვთვლი, რომ ვულგარულს ხდიდა სანახობას, თუმცა ეს შესაძლოა არ იყო შემთხვევითი, ჯგუფი "თაიგერ ლილიზ" არ უფრთხის ვულგარულობას და ასე იქცევა "სიმდარე დიდებულებად".

მოჯადოებული სასახლე, The Tiger Lillies

მარტინ ჟაკი, ადრიან სტაუტი,იონას გოლანდი არიან მუსიკოსები, რომელთა შესაძლებლობებზე ალბათ დაუსრულებლად შეიძლება საუბარი. ვოკალი, ჰარმონიკა, ფორტეპიანო, ბასი, დასარტყამი ინსტრუმენტები და თითქოს დაუმუშავებელი, პირველქმნილი და ამავედროს აბსოლუტურად სრულყოფილი მუსიკა.

თანამედროვე ცეკვის ქორეოგრაფის ციაო ლიანის წარმოდგენა "საბრძოლო ხელოვნება ცეკვის ენაზე" არის ქორეოდრამა იუმორისტული პასაჟებით, რომლებიც ვერ ვიტყვი რომ უძლებს კრიტიკას, თუმცა ვერაფრით ავუვლი გვერდს საკუთარი საქმისადმი თავდადების განცდას, რომელიც სპექტაკლის ყველა მსახიობისგან ძალიან აშკარად და მარტივად ამოსაკითხი იყო. ვერც მუსიკალური გემოვნებით დაიკვეხნის აღნიშნული წარმოდგენა. გაუგებარია რა თვალსაზრისით აღმოჩნდა ის საფესტივალო პროგრამაში. აღმოსავლური საბძოლო ხელოვნება თავისთავად ძალიან საინტერესო და მრავალშრიანი საკვლევი თემაა, თუმცა სპექტაკლი, რომელიც ფესტივალის ფარგლებში ვნახეთ, აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნების ძალიან პრიმიტიულ და უგემოვნებოდ გაშარჟებულ სცენებს აერთიანებდა.

საბრძოლო ხელოვნება

თეატრი, რომელმაც ცეკვისა და საბრძოლო ხელოვნების უცნაური სინთეზი შემოგვთავაზა 2016 წელს დაარსდა, ციო ლიანი თანამედროვე ცეკვის ერთ-ერთ თმამ და ნოვატორ რეჟისორად ითვლება. თუმცა ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები სპექტაკლი ვფიქრობ, ვერ გასცდა პრომიტიული საბრძოლო ილეთების, უასპექტოდ ჩართული სუსტი ქორეოგრაფიული პასაჟებისა და უხეირო იუმორის ფარგლებს.

1997 წელს დაარსებულ მალაიზიურ ჯგუფს "ხელების რიტმი”, რომელსაც ბერნარ გო ხელმძღვანელობს ხვდა პატივი დაეხურა წლევანდელი ფესტივალი. მუსიკალური წარმოდგენა “დიალოგი კანს შიგნით” ინდური და ჩინური კულტურების ერთგვარი შერწყმაა და ეს საინტერესო მიქსი სრულყოფილ სახეს იღებს მალაიზიური მუსიკოსების შესრულების მანერით.

ჩინურ და იაპონურ დასარტყამ ინსტრუმენტებზე, ციმბალებსა თუ გამელანზე შესრლებული სინქრონული, ზოგჯერ მსუბუქი და მაჟორული, ხანაც რომანტიზმით და სევდით სავსე მელოდების მონაცვლეობა უჩვეულო განწყობას ქმნის. და მაინც ვფიქრობ, რომ ამ ტიპის წარმოდგენას ჰყავს საკუთარი მაყურებელი და ის კონკრეტლ სეგმენტზეა გათვლილი. მაყურებელი, რომელიც უსმენს და რომელსაც იტაცებს იდუმალებით სავსე აღმოსავლური მუსიკა. მუსიკოს/მსახიობთა სასცენო ვიზუალი, კოსტუმები, აზიური სტილისტიკითა და ინდივიდუალიზმით, ინსტრუმენტების ფლობის ვირტუოზული უნარი, მაყურებელთან ინტერაქცია სასიამოვნოდ გატარებული საღამოს განწყობილებას უდავოდ ქმნის, მაგრამ ობიექტური მაყურებელი ფესტივალისგან გაცილებით მეტს მოელის.

კიდევ ერთხელ შევეხები ფესტივალის მიზანს. თუკი კონცეფცია ეყრდნობა თანამედრო სახელოვნებო სივრცეში არსებული სიახლის და გამოცდილების ქართველი მაყურებლისთვის გაზიარებას,თუ მიზანი მსოფლიოს საუკეთესო სპექტაკლების ფესტივალის ფარგლებში ჩვენებაა, რა შედეგი გვაქვს წლევანდელი საერთაშორისო პროგრამის გაანალიზებით? “ბროდსკი/ბარიშნიკოვის” შემთხვევაში ვარსკვლავური ტანდემის ფაქტორი, ცხადია აღმოჩნდა ინტერესის საგანი. “თაიგერ ლილიზ” უდავოდ არის გამორჩეული ჯგუფი. სპექტაკლმა მაყურებელს დიდი სიამოვნება, ხოლო თეატრალებს საინტერესო ინსპირაციისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალება მიანიჭა. ვნახეთ ასევე ქართველი დრამატურგის, რეჟისორისა და წარმოშობით ქართველი გერმანულენოვანი მწერლის ნამუშევრები, ამ შემთხვევაში დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მნიშვნელობა განისაზღვრა ავტორთა წარმომავლობით და არა სპექტაკლების ღირებულებით. ექსპერიმენტის, სიახლისა თუ ნოვაციის შესახებ ვერ ვისაუბრებ, რადგან მსგავსი არაფერი მინახავს წლევანდელი ფესტივალის მსვლელობისას.

თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს აქვს პოტენციალი გაცილებით დიდი ამბიცია ჰქონდეს. პასუხისმგებლობა უკვე მიღწეული წარმატებისადმი. მაყურებელი, რომელიც იხდის თანხს ბილეთში და რაც, ალბათ, ყველაზე მთავარია, გიცხადებს ნდობას, არ უნდა დარჩეს გაწბილებული და მოტყუებული.

კომენტარები