თბილისის მერია

კალაძე: მუნიციპალური ინსპექციის საშუალებით, თბილისი ევროპულ ქალაქს დაემსგავსება

თბილისის მერია

თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქში ურბანულ წესრიგზე პასუხისმგებელი, ზედამხედველობის განახლებული სამსახური - მუნიციპალური ინსპექცია წარადგინა.

მისი თქმით, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია ერთერთი ის მძლავრი საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც, დედაქალაქი თანამედროვე, მოწესრიგებულ ევროპულ ქალაქს დაემსგავსება.

კალაძემ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე განახლებული სამსახურის ფუნქცია-მოვალეობებზეც ისაუბრა, ესენია:

  • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობებზე მიმდინარე სამუშაოებისა და უნებართვო მშენებლობების კონტროლი;
  • სანებართვო პირობების დარღვევების გამოვლენა;
  • სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
  • მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლოატაციაში მიღება და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობა;
  • უნებართვო გარე ვაჭრობისა და დასუფთავების წესების დარღვევების გამოვლენა-აღკვეთა;
  • გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა;
  • რეკლამის გავრცელების წესების კონტროლი და ხმაურის ნორმების გადაჭარბების ფაქტების აღკვეთა იქნება.

დედაქალაქის მერის თქმით, ჩამოთვლილი ფუნქციები საჭიროა თბილისის იერსახის მოსაწესრიგებლად, ეკოლოგიური პრობლემებისა და უსაფრთხოების საკითხების გადასაჭრელად: "ყველაფერი ეს მთლიანობაში არის საჭირო დედაქალაქის იერსახის მოსაწესრიგებლად, ეკოლოგიური პრობლემების გადასაწყვეტად, უსაფრთხოებისა და სხვა სტანდარტების დასაცავად".

კალაძემ მიმდინარე წლის განმავლობაში სამსახურის მუშაობის შედეგი შეაჯამა. მისი ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში გაცემულია 1200-მდე მითითება და დაჯარიმების 1000-მდე დადგენილება, რომელთა საერთო მოცულობაც 10 მილიონ ლარს აღემატება.

კომენტარები