ავსტრალია

ავსტრალია ისრაელში საელჩოს თელ ავივიდან იერუსალიმში გადატანას განიხილავს

Getty Images

ავსტრალია ისრაელში საელჩოს თელ ავივიდან იერუსალიმში გადატანას განიხილავს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, სკოტ მორისონმა თქვა.

მორისონის თქმით, ავსტრალია კვლავ ემხრობა ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტის გადასაჭრელად ორი სახელმწიფოს შექმნის გზას, თუმცა ამ მხრივ დიდი პროგრესი არ არის. მისი თქმით შესაძლებელია, რომ ავსტრალიამ აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის, ხოლო დასავლეთი ისრაელის დედაქალაქდ ცნოს, თუმცა ამის თაობაზე ჯერ კაბინეტთან და სხვა ქვეყნებთან გამართავს კონსულტაციებს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ მორისონს საელჩოს იერუსალიმში გადატანის შესახებ ესაუბრა და მას მადლობა გადაუხადა.

მორისონის ოპონენტების აზრით ამ გზით პრემიერმინისტრი წინასაარჩევნოდ ხმების მოპოვებას ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ 14 მაისს იერუსალიმში აშშ-ის საელჩო გაიხსნა. გახსნაზე მიწვეულ სტუმრებს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვიდეო ჩართვით მიმართა. ცერემონიას დაესწრო დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე, პრეზიდენტის მრჩეველი ჯარედ კუშნერი. საელჩოს იერუსალიმში გადატანას ღაზას სექტორში მასშტაბური პროტესტი მოჰყვა.

ამის შემდეგ იერუსალიმში საელჩოები გადაიტანეს გვატემალამ და პარაგვაიმაც.

კომენტარები