ფარული აუდიოჩანაწერები

ბაქრაძე აუდიოჩანაწერებზე: სახელმწიფო ჩამოშლილია, ქვეყანას მართავენ კრიმინალები

ტაბულა

ევროპულული საქართველოს ერთერთი ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე რუსთავი 2-ზე გასულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა, სადაც მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩის საქმეზე საუბრობს. ბაქრაძის თქმით, თუ აუდიოჩანაწერები ავთენტურია, "ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა იმართება მაფიოზური მენტალიტეტის მქონე, არაფორმალური გავლენის ცალკეული პირებისგან."

"დღეს მივიღეთ უკიდურესობა, როდესაც სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუციები, პრაქტიკულად, ჩამოშლილია და ქვეყანა იმართება ცალკეული ადამიანების მიერ კრიმინალური, მაფიოზური მენტალიტეტის, გარჩევების, საკუთარი ბიზნეს ინტერესების გამოყენებით და მათ საფუძველზე. ეს სიტუაცია არის უაღრესად საგანგაშო და ეს არ არის კონკრეტული თანამდებობის პირების, უწყებების ან კონკრეტული საქმეების თემა. ეს არის თითოეული ჩვენგანის მომავლის საკითხი"- თქვა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთავი 2-მა ფარული ჩანაწერი გაავრცელა, რომელიც, მათი თქმით, გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი და მასში, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი, ქართული ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი და გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი, დათო ცუხიშვილი საუბრობენ.

ჩანაწერებში მირზა სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ფიგურირებს და მას ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვს წარდგენილი, ამბობს, რომ წარსულში როგორც ენმ-ის, ისე ქართული ოცნების ხელისუფლების დროს მომხდარი შემთხვევების "მოგვარებაში" მონაწილეობდა. მისივე თქმით, დამადასტურებელი მასალა მას დოკუმენტირებული და დაარქივებული აქვს.

კომენტარები