რუსული ფორუმი

პუტინის მხარდაჭერილი დიპლომატიური ფორუმის ჩატარება გადაიდო

საქართველოში პუტინის მხარდაჭერილი დიპლომატიური ფორუმის, სახელწოდებით, "ეროვნული დიპლომატია - კომპრომისების დიალოგი" ჩატარება გადაიდო. ამის შესახებ ფორუმის ორგანიზატორების და მასპინძლების, "რუსი ახალგაზრდობის კავშირი საქართველოში" საიტზე წერია. 

ფორუმი 13-14 ოქტომბერს იყო დაგეგმილი. 

ორგანიზატორები წერენ, რომ მათ არ შეუძლიათ ფორუმის მონაწილეების უსაფრთხოების დაცვა და რომ ისინი ვერ დებენ პირობას, რომ "ცივილიზებული დისკუსია ვინმეს გამოხტომის გამო არ ჩაიშლება".

"ძალიან სამწუხაროდ, ფორუმის მომზადების პროცესში ჩვენ შევეჩეხეთ არამოტივირებულ აგრესიას ზოგიერთი ადამიანის მხრიდან. ზოგიერთ მედიაში მომზადდა მთელი რიგი სიუჟეტებისა, რომელიც ამ ფორუმს ეძღვნებოდა, ისინი ავრცელებდნენ არასწორ ინფორმაციას, კომენტარებს კი ის ადამიანები აკეთებდნენ, რომლებიც ფორუმზე მოწვეულთა სიაშიც არ არიან. 

საქართველოს ზოგიერთი პოლიტიკური ძალა შეეცადა, ეს თავიანთ საარჩევნო კამპანიაში გამოეყენებინათ, ამის გარდა, დაირღვა ჟურნალისტური ეთიკა, ასევე სტუმარმასპინძლობის და ტოლერანტობის პრინციპები. 

ამ პირობებში არ შეგვიძლია, გავცეთ ფორუმის მონაწილეთა უსაფრთხოების გარანტირება. არ შეგვიძლია დაგპირდეთ, რომ ცივილიზებულ დისკუსია ვინმეს გამოხტომით არ ჩაიშლება". 

მათივე განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, როდის დაინიშნება ფორუმი ხელახლა.

კრემლის მიერ მხარდაჭერილი კიდევ ერთი - მედია ფორუმი 6 სექტემბერსაც გაიმართა. ის სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის ფონზე ჩატარდა

კომენტარები