დონალდ ტრამპი

ტრამპი ხაშოგის გაუჩინარებაზე: ვერ დავუშვებთ, რომ ჟურნალისტებს მსგავსი რამ დაემართოთ

cnbc.com

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თურქეთში საუდის არაბეთის საკონსულოში არაბი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის გაუჩინარებაზე კომენტარი გააკეთა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ საუდის არაბეთის ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს ესაუბრა:

"ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ეს დაემართოთ ჟურნალისტებს, ან ნებისმიერ სხვას. ჩვენ ყველაფერს მოვითხოვთ. გვსურს ვნახოთ იქ რა ხდება." თქვა ტრამპმა.

გავრცელებული ცნობით აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს ამ საკითხზე სატელეფონო საუბარი ჰქონდა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრესთან, პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან.

თურქულ მედიაში გამოქვეყნდა ვიდეოები, რომელშიც, მათი თქმით, ასახულია თუ როგორ იგეგმებოდა ხაშოგის გაქრობა საუდის არაბეთის დაზვერვის მიერ.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთი ამ საკითხზე გაჩუმებას არ აპირებს და მას ბოლომდე გამოიძიებს.

შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის მოქალაქე, ჟურნალისტი და მწერალი ჯამალ ხაშოგი გასულ კვირას სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში ქორწინებისათვის აუცილებელი დოკუმენტების მისაღებად მივიდა, თუმცა მას შემდეგ ის აღარავის უნახავს.

საკონსულოში ვიზიტამდე მან საცოლეს დაუბარა, რომ თუ რამდენიმე საათში არ დაბრუნდებოდა თურქეთის მთავრობის წარმომადგენლებისათვის შეეტყობინებინა.

ხაშოგი საუდის არაბეთის ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩეოდა, განსაკუთრებით კი იემენში საუდის არაბეთის კოალიციის მოქმედებებისა და ქვეყნის შიგნით მოწინააღმდეგეთა რეპრესიის საკითხებზე და გასულ წელს ქვეყნის დატოვებაც სწორედ ამიტომ მოუხდა.

"მე დავტოვე ჩემი სახლი, ჩემი ოჯახი, ჩემი სამსახური და ხმა ავიმაღლე. სხვაგვარად მოქცევა მათი ღალატი იქნებოდა, ვინც ციხეებში იტანჯება. მე შემიძლია ვისაუბრო მაშინ, როდესაც ძალიან ბევრს არ შეუძლია." დაწერა მან გასულ თვეს.

თურქეთის ოფიციალურ პირებს მიაჩნიათ, რომ ხაშოგი საკონსულოში მოკლეს.

საუდის არაბეთი და საკონსულოს წარმომადგენლები ბრალდებას უარყოფენ.

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იმავე დღეს, როდესაც ხაშოგი გაუჩინარდა საუდის არაბეთის 15 მოქალაქე, მათ შორის ოფიციალური პირები, სტამბოლში 2 თვითმფრინავით ჩავიდნენ და საკონსულოში იმყოფებოდნენ. მათ ქვეყანა მალევე დატოვეს. თურქეთი მათი ვინაობის დადგენას ცდილობს.

კომენტარები