ნობელის პრემია 2018

2018 წლის ნობელის პრემია ეკონომიკაში პოლ რომერს და უილიამ ნორდჰაუსს გადასცეს

პოლ რომერი და უილიამ ნორდჰაუსი
www.economist.com

2018 წლის ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში ორ ამერიკელ ეკონომისტს გადაეცა. მსოფლიო ბანკის ყოფილი მთავარი ეკონომისტის, ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორის პოლ რომერის და იელის უნივერსიტეტის პროფესორის, უილიამ ნორდჰაუსის შრომები თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს ეხება: როგორ მივაღწიოთ მდგრად და გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას? მათ გააფართოვეს ეკონომიკური ანალიზის ფარგლები და შექმნეს მოდელები, რომლებიც ხსნის ეკონომიკის ურთიერთობას კლიმატთან, ახალ იდეებთან და ტექნოლოგიურ სიახლეებთან.

ძველი ეკონომიკური თეორიები ხაზს უსვამდა ახალი ტექნოლოგიების როლს ეკონომიკის ზრდაში, მაგრამ არ ითვალისწინებდა, რომ ახალი ტექნოლოგიების შექმნას ეკონომიკური გადაწყვეტილებები და საბაზრო პირობები განსაზღვრავს. პოლ რომერმა ეს პრობლემა გადაჭრა. მან შექმნა მოდელი, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ აყალიბებენ  ეკონომიკური ძალები კომპანიების მზაობას შექმნან ახალი იდეები და ტექნოლოგიები.

რომერის მოდელი 1990 წელს გამოქვეყნდა და საფუძველი დაუდო “შინაგანი ზრდის თეორიას”, რომელიც ხსნის, თუ რით განსხვავდება იდეები სხვა მოხმარების საგნებისგან და რატომ მოითხოვს მათი ჩამოყალიბება ბაზრის სპეციფიკურ პირობებს. რომერის ნაშრომებმა გამოიწვია უამრავი კვლევა რეგულაციებში, რომლებიც ახალ ტექნოლოგიებს და იდეებს ახალისებს. რომერის მოდელის თანახმად, ბაზარი განაპირობებს ახალ იდეებს და ტექნოლოგიებს, მაგრამ ისინი ეკონომიკურ ზრდას მხოლოდ სხვა ფაქტორების არსებობის შემთხვევაში იწვევს, როგორებიცაა სახელმწიფოს მიერ კვლევების მხარდაჭერა, კანონის უზენაესობის  და ინტელექტუალური საკუთრების დაცვა.

რომერის ეკონომიკური ზრდის თეორიის გაგრძელებაა მისი "ავტონომიური ქალაქის" კონცეფცია - ახალი ქალაქი, რომლის სამართლებრივი მოწყობა და სტატუსი დამოუკიდებელია  იმ ქვეყნის მთავრობისგან, რომელშიც ქალაქი მდებარეობს. ავტონომიურ ქალაქში დასახლდებიან ადამიანები, რომლებიც თანახმა არიან იცხოვრონ ქალაქის მთავარ დოკუმენტში, ქარტიაში აღწერილი წესების თანახმად. სათანადო წესების შემთხვევაში, კერძო ინვესტიციების საფუძველზე ქალაქი ბუნებრივად გაიზრდება, დამსაქმებლები კომპანიებს წამოიწყებენ, ინვესტორები ინფრასტრუქტურას შექმნიან და ადამიანები, რომლებიც ამ რეფორმებს ემხრობიან იქ დასახლდებიან, ვინც არ ემხრობა, აქვთ არჩევანი, რომ არ დასახლდნენ. ასე თავს ავარიდებთ ხანგრძლივ კონსულტაციებს და წინააღმდეგობებს  რეფორმების თაობაზე უკვე არსებული ქალაქების მოსახლეობასთან.

ავტონომიური ქალაქის მშენებლობა საქართველოში და ჰონდურასის რესპუბლიკაში იგეგმებოდა.  2012 წელს საქართველოს მთავრობა ჰონდურასის პრეზიდენტის მრჩეველთან მარკ კლუგმანთან და პოლ რომერის თანაშემწესთან, მაურო დელორენზოსთან ავტონომიური ქალაქის, ლაზიკის მშენებლობის გეგმაზე მუშაობდა. მაშინდელი გეგმის თანახმად, ლაზიკა იქნებოდა დამოუკიდებელი სამართლებრივი სტატუსის მქონე ქალაქი, რომელშიც დაცული იქნებოდა კანონის უზენაესობა, იქნებოდა ინვესტორებისთვის მიმზიდველი, თავისუფალი ეკონომიკური გარემო, მთავრობა კი ინვესტირებისთვის ხელსაყრელ და სტაბილურ გარემოს უზრუნველყოფდა. თუმცა,  2012 წლის ოქტომბერში ქართული ოცნების ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ლაზიკა აღარ აშენდებოდა, რადგან ასეთი ქალაქის საჭიროებას ვერ ხედავდა და ვერ ხვდებოდა, რა ფულით უნდა აშენებულიყო ის.

უილიამ ნორდჰაუსის კვლევები საზოგადოების და ბუნების ურთიერთქმედებას შეეხება. მან ამ საკითხზე მუშაობა 1970 წელს დაიწყო, 1990-იან წლებში კი პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც შექმნა “ინტეგრირებული მიდგომის მოდელი”. ეს რაოდენობრივი მოდელი აღწერს გლობალურ ურთიერთკავშირს კლიმატსა და ეკონომიკას შორის და მოიცავს ემპირიულ შედეგებს ფიზიკიდან, ქიმიიდან და ეკონომიკიდან. ნორდჰაუსის მოდელმა ერთმანეთთან დააკავშირა  ატმოსფერული ნახშირბადის გავლენა გლობალურ ტემპერატურაზე და ტემპერტურის ზრდის გავლენა ადამიანის ეკონომიკურ აქტივობაზე, რამაც მისცა შესაძლებლობა დაედგინა ნახშირბადის გამოყოფის ეკონომიკურად ოპტიმალური რაოდენობა. ამ მოდელის საფუძველზე, ნორდჰაუსმა ივარაუდა, ნახშირბადის გამოყოფის სხვადასხვა სცენარების განსხავებული ეკონომიკური ღირებულება და გამოთქვა ვარაუდი, რომ დათბობა ისე უნდა შეიზღუდოს, რომ  პრეინდუსტრიულ ტემპერატურას 2°C-ით მეტით არ აღემატებოდეს . ნორდჰაუსის მოდელი დღეს ფართოდაა გავრცელებული და გამოიყენება კლიმატთან დაკავშირებული ისეთი რეგულაციების ეფექტების შესწავლაში, როგორებიცაა ნახშირბადის გადასახადი.

ნობელის ჯილდო ეკონომიკის დარგში შვედეთის ცენტრალურმა ბანკმა პირველად 1969 წელს გადასცა, თავდაპირველი ჯილდოები ფიზიკის, ქიმიის, მედიცინის და მშვიდობის დარგში 1901 წლიდან გადაიცემა. შარშან ნობელის პრემია ეკონომისტმა რიჩად თალერმა ქცევითი ეკონომიკის დარგის განვითარებაში მიიღო. ნობელის ჯილდოს ეკონომიკაში ყველაზე ხშირად ამერიკელები იღებენ.

კომენტარები