ნობელის პრემია 2018

2018 წლის ნობელის პრემია ფიზიკის დარგში ლაზერის კვლევის პიონერებს გადაეცათ

2018 წლის ნობელის პრემია ფიზიკის დარგში სამ მეცნიერს გადაეცა. ამერიკელმა ფიზიკოსმა, ართურ აშკინმა პრემია და ფულადი ჯილდოს ნახევარი, 9 მილიონი შვედური კრონი ($1 მილიონი) "ოპტიკური პინცეტის" გამოგონებისთვის მიიღო. ეს მეთოდი გულისხმობს ლაზერის სხივის ფოკუსირებით მიკროსკოპული ობიექტების უძრავად დაჭერას. თუ ობიექტი დიელექტრიკია ( ჩვეულებრივ არ ატარებს დენს, მაგრამ იმუხტება ელექტრულ ველში მოთავსებისას) ის სხივის ცენტრში გადაადგილდება, სხივის ფოტონების მიერ წარმოქმნილი წნევა კი ობიექტის უძრავ მდგომარეობაში შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

1987 წელს აშკინმა “ოპტიკური პინცეტით” ბაქტერიის დაჭერა მისი დაზიანების გარეშე მოახერხა, დღეს ეს მეთოდი ფართოდ გამოიყენება ბიოლოგიური სისტემების შესწავლაში.

"აშკინმა სამეცნიერო ფანტასტიკის ძველი ოცნება აახდინა, მან შეძლო სინათლის სხივის მეშვეობით ფიზიკური ობიექტების გადაადგილება"- განაცხადა შვედეთის აკადემიამ.

კანადელ დონა სტრიქლენდს და ფრანგ ჯერარდ მოროს პრემია მაღალი ამპლიტუდის, ულტრამოკლე ლაზერული იმპულსების წარმოქმნის მეთოდის აღმოჩენისთვის გადაეცათ.

მორო და სტრიქლენდი 1980-იან წლებში ლაზერის იმპულსების ძალის გაზრდაზე მუშაობდნენ, მაგრამ შენიშნეს, რომ მაღალი ძალის  იმპულსები აზიანებდა გამაძლიერებლის მასალას. პრობლემის გადასაჭრელად მათ ლაზერის სხივის იმპულსი დროში გაწელეს, რამაც იმპულსის ძალა შეამცირა, შემდეგ გააძლიერეს ის და დროში შეკუმშეს. ხანმოკლე იმპულსის შემთხვევაში მცირე სივრცეში უფრო მეტი სინათლე თავსდება, შესაბამისად, იმპულსის ამპლიტუდა მკვეთრად იზრდება. დღეს ეს მეთოდი თვალის ქირურგიაში გამოიყენება.

დონა სტრიქლენდი მესამე ქალია, რომელმაც ფიზიკის დარგში ნობელის პრემია მიიღო. "ჩვენ უნდა ვაღიაროთ ქალი ფიზიკოსები, რადგან ისინი არსებობენ და ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ერთ-ერთი მათგანი" - განაცხადა მან კონფერენციაზე ჯილდოს მიღების შემდეგ.

კომენტარები